რატომ აპირებს ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას? პარტიის ყოფილი თავმჯდომარე რამდენიმე დეტალს განმარტავს. მელია „ნაცმოძრაობის“ რეალურ მმართველებთან არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებებზე საუბრობს და თანამოაზრეებთან ერთად სხვა პარტიაში გადასვლას კატეგორიულად გამორიცხავს.
პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიიდან გასვლა და ახალი პლატფორმის შექმნა ორი დღის წინ დააანონსა. საბოლოო გადაწყვეტილებას მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე პარტიის ყრილობაზე ოქტომბერში მიიღებენ.
“ის, რაც პარტიაში მოხდა და ხდება, არ არის მცირე ამბავი. გამოწვეული არის ფუნდამენტური განსხვავებების და დამოკიდებულებების გათვალისწინებით. გაუთავებლად არ ვაპირებთ მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე საუბარს, ეს გასაგებია და მთელმა ქვეყანამ იცის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მართვა ამ ადამიანების ხელშია. სწორედ აქედანაც არის გამომდინარე ეს უდიდესი კონტრასტული სხვაობა დამოკიდებულებებში და მიდგომებში. გამოვრიცხავთ სხვა არსებულ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას, ან გაერთიანებას,“ - აცხადებს ნიკა მელია.