რატი იონათამიშვილი: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა კონფიგურაციით წარდგება რადიკალური ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - მათ საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს ქართველი ამომრჩეველი

რატი იონათამიშვილი: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა კონფიგურაციით წარდგება რადიკალური ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - მათ საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს ქართველი ამომრჩეველი

ნიკა მელიას დიაგნოზი მაშინ დაუსვეს, როდესაც ხაბეიშვილმა მოუგო არჩევნები „ნაცმოძრაობაში“. ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც პულსი არ ესინჯება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა კონფიგურაციით წარდგებიან ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამ არჩევნებზე საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს რადიკალურ ოპოზიციას ქართველი ამომრჩეველი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს იქნება ლოგიკური, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არაფერი საგნობრივი ჩვენი ქვეყნისთვის არ გაუკეთებიათ. ზიზღის დათესვის მეტი, არეულობის მოტანის მცდელობის მეტი სხვა მცდელობაც კი არ ჰქონიათ, რომ სხვა რაიმე დაენერგათ ჩვენს ქვეყანაში. ეს ადამიანები მუდმივად ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და მათ შორის უფსკრული უკვე აშკარაა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რადიკალური ოპოზიცია მთლიანად არის აგონიაში. მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილებები მიიღონ და ამიტომ ეჭიდებიან ხავსს და ფიქრობენ იმ კონფიგურაციაზე, ხელისუფლებაში როგორ იყვნენ და პარლამენტის სავარძლები როგორ დაისაკუთრონ. ნებისმიერს, ვინც ასე უპასუხისმგებლოდ მოქმედებს, ცხადია, ბუმერანგივით უბრუნდება ასეთი ქმედებები. საზოგადოება ყველაფერს ძალიან სწორად აფასებს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დარჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც პარტიის ყოფილი თავმჯოდმარე თანამოაზრეებს შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მისი და თანაგუნდელების მომავალი პოლიტიკური საქმიანობა იქნება და არ არის გამორიცხული, ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.