მათთვის, ბრძოლის ველზე საკუთარი მიწისა და ერთმანეთის ერთგულება უმთავრესი იყო

მათთვის, ბრძოლის ველზე საკუთარი მიწისა და ერთმანეთის ერთგულება უმთავრესი იყო

უკვე 20 წელია აფხაზეთში ქართული საუბარი აღარ ისმის, აფხაზეთში ქართველი აღარ დაბადებულა, 20 წელია ილორის, მოქვის, ბედიის სოხუმის მონასტერში ქართულად წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა, ქართველ წყვილს ჯვარი არ დაუწერია, 20 წელია მიცვალებულთა საფლავები ამაოდ ელიან შვილებს, დედებს, დებს, ძმებს, 20 წელია რუდუნებით ნაგებ სახლ-კარს მხოლოდ სიზმრად თუ ხედავენ ქართველი დევნილები.

აფხაზეთის ტრაგედიას რუსეთის იმპერიის დროს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ქართველთა და აფხაზთა ეთნიკური ნათესაობა ეჭვქვეშ დააყენეს. ისინი სავსებით დასაბუთებულად მიეკუთვნებოდნენ იბერიულ-კავკასიურ ენათა მატარებელ ხალხთა ოჯახს, რაც იმპერიული გეგმებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო.

ცნობილი რუსი ისტორიკოსი ნ. დურნოვი წერდა: „1885 წლიდან ცდილობდნენ აფხაზების ქართველებისაგან ჩამოშორებას... რაკი ამ ენაზე არ არსებობს ერთი წიგნიც კი, ეკლესიებში წირვა-ლოცვა დაიწყეს სლავურად. ჩამოიყვანეს რუსი მღვდლები...“ მიუხედავად ცარიზმის ამ გამთიშველი პოლიტიკისა, აფხაზეთში ქართული ენა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, ჯერ კიდევ ითვლებოდა ძირითად სამწერლობო ენად. როგორც ცნობილია, ქართულ ენაზე აწარმოებდა მიმოწერას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შერვაშიძე. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში სლავურ-რუსული გრაფიკის საფუძველზე შექმნილი აფხაზური ანბანი ბოლო აკორდი იყო ქართულ-აფხაზური ეთნიკური ნათესაობის დასაჩრდილად.

„აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა და ლიტერატურა, განწირულია გადაშენებისათვის. საკითხავია, რომელი ენა შეცვლის მას? შემცვლელის როლი უნდა ითამაშოს არა ქართულმა, არამედ რუსულმა ენამ... ამიტომ აფხაზური ანბანის შექმნის მიზანი უნდა იყოს ქართულიდან თანდათან ჩამოშორება და სკოლებსა და ეკლესიებში რუსული ენის დამკვიდრება. თუ ეს გამოგვრჩა მხედველობიდან, ვრისკულობთ ავტონომიების, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიის შექმნის შესაძლებლობით“, - ამბობდა რუსი მეცნიერი. გავიდა წლები და აფხაზეთი მოძმეთა სისხლის მორევში ჩაიძირა.

ერთ წელზე მეტი გაუძლეს აფხაზეთის ომის გმირებმა უთანასწორო იერიშებს. რუსეთის შიარაღებული ძალების გარდა, აფხაზეთის დამცველებს ჩეჩენთა, ყაბარდოელთა, რუს კაზაკთა, ადიღეელთა და ბაგრამიანის სახელობის ბატალიონთან გამკლავება უწევდათ. აფხაზეთი მხოლოდ მას შემდეგ დაეცა, რაც ქართველი მეომრები სამმხრივი მოლაპარაკების თანახმად განაიარაღეს.

ქვეყანაში მაშინ გამეფებული ქაოსის გამო, დღემდე გაურკვეველი რჩება ვინ რა ძალას ემსახურებოდა და ვინ რა სიკეთეებით სარგებლობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს. თუმცა, სოხუმი რომ ღალატით დაეცა, ამაზე დევნილებში და სხვა თვითმხილველებში ორი აზრი არ არსებობს - ღალატი იყო ყოველი მხრიდან. ამას მაშინ, ომის ქარცეცხლში ჩართული მეომრებიც აანალიზებდნენ, თუმცა საკუთარი მიწისა და ერთმანეთის ერთგულება ბრძოლის ველზე მათთვის უმთავერესი იყო. ისინი იბრძოდნენ მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი იყო რატომ ატოვებინებდნენ ერთ დღეს სისხლის ფასად გათავისუფლებულ სოფლებსა და ტერიტორიებს მეორე დღესვე, რატომ აძლევდნენ უვარგის იარაღს, რატომ ასრულებდა ქართული მხარე მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებებს, რატომ დაიწყო ქართულმა პოლიციამ ქართველი მეომრების განიარაღება.

1993 წლის ზაფხულში, მოსკოვში მიღწეული სამხრივი შეთანხმების შედეგად, საომარი ოპერაციები აფხაზეთში დროებით შეწყდა და დაიწყო ქართველი მეომრების განიარაღება. ზოგიერთი ბატალიონის მეომრები იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას სხვადასხვა ხერხებით მალავდა, რადგან „პერემერიის“ არ სჯეროდათ. სოხუმში სხვადასხვა რეგიონებიდან სტუდენტები ჩამოიყვანეს. საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვინც სასწავლებელში არ გამოცხადდებოდა გაირიცხებოდნენ. მოჩვენებითი მშვიდობის ფონზე, 1-ელ სექტემბერს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა განახლდა.

სრულიად მოულოდნელი იყო 15 სექტემბრის ღამეს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ახალდაბაზე თავდასხმა რუსული და აფხაზური შენაერთების მიერ. ახალდაბის დაკავებით გულრიფშსა და სოხუმში მცხოვრებ ქართველებს გზა მოეჭრათ სამეგრელოსაკენ. შეტევა გუმისთის მხრიდანაც ხორციელდებოდა. ეს ტერიტორია ალყაში აღმოჩნდა განიარაღებულ მეომრებთან ერთად. სოხუმში დარჩენილები იმედოვნებდნენ, რომ სამეგრელოსკენ მიმავალ გზას ლოთი ქობალიას შეიარაღებული ძალები გახსნიდნენ, მაგრამ ამაოდ. ერთდერთი გზა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია იქნებოდა შესაძლებელი, კოდორის ხეობისკენ მიმავალი გზა იყო...

როგორ აღმოჩნდნენ ქართველების მიერ კონტროლილებადი ტერიტორიის შუაგულში ბოევიკები, ამაზე საუბარი უკვე არც არავის აინტერესებს. თუმცა, მაშინ, გაოგნებული ქართველი მეომრები ყვებოდნენ, როგორ გაატარეს გუდაუთიდან შემოსული სამი სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც, თითქოს, ტყვარჩელში ჰუმანიტარული ტვირთი შეჰქონდა და როგორ არ მისცა ტვირთის შემოწმების უფლება ე.წ. ქართულმა პოლიციამ მებრძოლებს. მოსკოვში მიღწეული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ქართველ მეომრებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ ასევე ხელი შეეშალათ გუდაუთასა და ტყვარჩელს შორის „მოარული“ ვეტმფრენებისათვის. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ქართველი არ დაემორჩილა ბრძანებას და ვეტმფრენს ესროლა. აფეთქების ადგილზე მისულებმა ვეტმფრენში ჰუმანიტარული ტვირთის ნაცვლად, სხვადასხვა სახის იარაღი აღმოჩნეს...

მართალია, ქართველმა მეომრებმა მაშინ ომი კი წააგეს, მაგრამ გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც დიდი ღალატის დროს შეიძლებოდა. აფხაზეთის ომის გმირები ფაქტობრივად შიშველი ხელებით, უმეთაუროდ დარჩენილები ებრძოდნენ მტერს, რათა დრო მოეგოთ და დევნილებისათვის განწირული ტერიტორიების დატოვების საშუალება მიეცათ. მრავალი მათგანი გმირულად დაეცა სამშობლოსათვის ბრძოლაში და შეუძლებელია მათი სახელები დაჩრდილოს რამდენიმე მარადიორის ქმედებამ.

ღალატით დაეცა აფხაზეთი 1993 წლის 27 სექტემბერს, მაცხოვრის ჯვრის ამაღლების დღეს. საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ მშვიდობიანი ადამიანები. გოლგოთის გზად წოდებულ სვანეთის უღელტეხილზე, თოვლსა და ყინვაში მიიკვლევდნენ გზას, ბევრმა ვერ გაუძლო, დაიხოცნენ უმწეო ბავშვები, მოხუცები, ქალები, დაიხოცნენ შიმშილით, სიცივით. რთულია იმის დაჯერება, რომ შეუძლებელი იყო მათი დახმარება ხელისუფლების მხრიდან, მაშინ, როდესაც პარალელურად, თბილისის აეროპორტის სარეკლამო ბიურო მგზავრებს დუბაიში საინტერესო ტურების შესახებ ატყობინებდა.

აფხაზეთის პრობლემის გადასაჭრელად ამ 20 წლის მანძილზე ფარატინა ქაღალდებისა და მკვდრადშობილი დოკუმენტების მეტი არაფერი შეგვიძენია. თაობა, რომელმაც ცხოვრების 4-5 ათეული წელი აფხაზეთში გაატარა, ოჯახის მოძლიერებას მთელი ახალგაზრდობა შეალია, უზრუნველი სიბერისთვის მოემზადა, დღეს დევნილის მძიმე ხვედრს შეგუებია. ახალი თაობა კი აფხაზეთის დაბრუნების საკითხისადმი სრულიად ნიჰილისტურადაა განწყობილი. არც მსოფლიო დონის მაღალი ტრიბუნებიდან ისმის უკვე რაიმე მნიშვნელოვანი ქართველთა გენოციდისა და ეთნოწმენდის შესახებ, ეს ტერმინები ოკუპაციამ შეცვალა.

2008 წლის 5 დღიანი ომის შედეგად დაიკარგა აფხაზეთში საქართველოს უკანასკნელ ბასტიონად წოდებული კოდორის ხეობაც. საქართველოს იურისდიქციის შენარჩუნება ამ ტერიტორიაზე ადგილობრივებით დაკომპლექტებულმა ბატალიონმა, სოხუმის დაცემის შემდეგ, კიდევ 15 წელი მოახერხა. თუმცა, მათი განიარაღების შედეგად, სრულიად უბრძოლველად აღმოჩნდა ეს ფორ-პოსტი ოკუპანტების ხელში.

საინტერესო და რეალისტურია, ალბათ, დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა აფხაზეთის საკითხისადმი: „საქართველოს დანარჩნ ტერიტორიაზე ისეთი ვითარება უნდა შეიქმნას, ადამიანის უფლებების მიმართ ისეთი მიდგომა უნდა არსებობდეს, რომ აფხაზები ჩვენთან ყოფნას ამჯობინებდნენ“. მით უმეტეს, რომ დღეს ადგილობრივი აფხაზები რუსების მხრიდან შევიწროებას განიცდიან. რუსებმა აფხაზები ყველა მნიშვნელოვან პოსტს ჩამოაცილეს და ასეთ მდგომარეობას აფხაზები, სავარაუდოდ, ვერ შეეგუებიან.

აფხაზებისა და ქართველების შენარჩუნებული მეგობრობის უამრავი მაგალითი საომარი მოქმედებების დროსაც ვლინდებოდა და მას შემდეგაც - აფხაზს ქართველი ტყვე გაუპარებია; აფხაზს ჩეჩენი ბოევიკისათვის უსვრია ქართველი ბავშვის მოკვლის გამო; აფხაზს ქართველებისთვის მოსალოდნელი თავდასხმისათვის უცნობებია და ა.შ. დღეისათვისაც არსებობს მცდელობები აფხაზებმა და ქართველებმა ნათესაური, მეგობრული, მეზობლური კონტაქტები შეინარჩუნონ. თუკი საქართველოს დღევანდელი და მომავალი ხელისუფლებები ამ პროცესებს მხოლოდ ხელს შეუწყობენ, შესაძლოა, აფხაზები და აფხაზეთი რაღაც სახით მაინც დავიბრუნოთ.

დღეს კი, სოხუმის მთავარ მოედანზე გამარჯვების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ხოლო თბილისში, გმირთა მოედანზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწერილ ხატს - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მიაბრძანებენ. უწმიდესი და უნეტარესი ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ილოცებს და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.