ხელისუფლების შეცვლისთანავე, მთავარი მესიჯი, რომელიც ბიზნესმა მიიღო, იყო ხელისუფლების ჩაურევლობა ბიზნესში, თუმცა ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ თითქმის 20 წელია, რაც ბიზნესი დაიწყო და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ვერც ერთ პერიოდში ვერ გაექცა. დღეს საგამოძიებო უწყებებმა კომპანია „ბარამბოს“ ქონება დააყადაღეს, ასევე ყადაღა დაედო „ზედაზენის“ 70%-იან წილს, „მიქსორისა“ და „შპალების“ 100%-იან წილებს.
ცეზარ ჩოჩელი: რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის არა ცეზარ ჩოჩელის, არამედ ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა. პირველად, დაიწყო „ბარამბოს“ ქონების დაყადაღებით, რაც აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა, შემდეგი ეტაპი იყო შესვლა კომპანია „ბერტაში“, საიდანაც ამოიღეს მთელი დოკუმენტაცია და კომპიუტერები. ასე რომ, წარმოების გაგრძელებაზე ფიქრიც კი სრულიად წარმოუდგენელი გახდა. ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე. შესაბამისად, კომპანია გაჩერდა, უმუშევარი დარჩა 700-მდე ადამიანი, მათ გარდა კი - დისტრიბუციაში დასაქმებული ადამიანები.
კომპანიას „თიბისი ბანკიდან“ ჰქონდა აღებული 5-მილიონიანი კრედიტი, რომლის გადახდაც წარმოების შეჩერების გამო ვერ შეძელით. დღეს კომპანია „ბერტა“ ამ ვალის სანაცვლოდ ბანკს გადაეცა, რომელიც სავარაუდოდ, ამ დღეებში მას აუქციონზე გაიტანს გასაყიდად.
ვის ინტერესში იყო თქვენი ბიზნესის გაჩერება, რა მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი?
- ყველაფერი მოხდა საგადასახადო სამსახურის ზოგიერთი უგუნური თანამშრომლის გამო. ბიუჯეტს დააკლდა შემოსავლები, ხალხი უმუშევარი დარჩა. საგამოძიებო უწყებამ ყველაფერი გააკეთა კომპანიის გასაკოტრებლად - ისიც საინტერესოა, ვინ მოიგო საგამოძიებოს ამ ქმედებით.
ვინ მოიგო?
- ჯერჯერობით მოგებული არავინ არ არის. ვნახოთ, ვინ იყიდის კომპანიას და ვინ აღმოჩნდება მის უკან. ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს.
სხვა მიმართულებითაც მიდის ბრძოლა - პრობლემებს უქმნიან შპალების ქარხანას, რომელიც კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელია. დღეს ამ ორი კომპანიის მიმართ გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს.
შეგიძლიათ ნახოთ ბრალი, რომელიც წამიყენეს. აჩვენეთ ნებისმიერ იურისტს და მან თქვას, რამდენად არგუმენტირებულია ეს ბრალდებები. ეს არის შორსგამიზნული ქმედება საგამოძიებო უწყებისა, ორივე კომპანიას გააჩნია ბანკის კრედიტები და შესასრულებელი ვალდებულებები დამკვეთების წინააშე. თუ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა ამ ტემპით გაგრძელდება, ჩვენ ამ ვალდებულებებსაც ვეღარ შევასრულებთ. ანალოგიური ბედი ეწევა ამ კომპანიებსაც, რა ბედიც „ბერტას“ ეწია.
თუ ეს ყველაფერი წინასწარგანზრახვით არ ხდება, ამიხსნას ვინმემ, რაშია საქმე. ერთი ქარხანა დაიხურა, შპალების ქარხანა გაჩერებულია, და ყველა მოქმედ კომპანიას პრობლემა შეექმნა.
გრჩებათ რომელიმე კომპანია, რომელსაც ფინანსური პოლიცია არ შეხებია?
- ამ კომპანიების დამფუძნებელია შპს „მიქსორი“ და თითოეულ მათგანს პრობლემა შეექმნა, ბუნებრივია, „მიქსორსაც“. ვაცხადებ, რომ „ზედაზენი“ არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია, რომელმაც წელიწადში 40%-იან ზრდას მიაღწია. „მიქსორიც“, მშენებლობის დაბალი ტემპის მიუხედავად, სტაბილურ ადგილს ინარჩუნებს სამშენებლო ბაზარზე. მაგრამ ვაცხადებ, რომ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს ამ კომპანიების გასაკოტრებლად.
ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?
- როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება, დაინტერესებული მხარე უნდა ეძებონ საგადასახადო უწყებაში, რომელიც თავისი ქმედებით ქვეყნის ბიუჯეტს უქმნის პრობლემებს. ჩვენს კომპანიებს ყოველწლიურად დაახლოებით ბიუჯეტის 1%-ის ოდენობით შეაქვს შენატანები.
ეს უშუალოდ ფინანსური პოლიციის ინტერესია თუ ისინი უბრალოდ, ვიღაცის მითითებას ასრულებენ?
- თავიდან ეს პროცესი დაიწყო გია ხუხაშვილმა, შემდეგ ხუხაშვილი დადგა ჩრდილში და წინა პლანზე წამოვიდა ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა. ეს არის ბრძოლა ერთი მხრივ - პირადად ჩემს წინააღმდეგ, მეორე მხრივ - ბიზნესის წინააღმდეგ.
ვინმე მოვიდა ხელისუფლებიდან თქვენთან და ამ ბიზნესების დათმობა მოგთხოვათ? რის საფუძველზე აცხადებთ რომ ხელოვნურად გიქმნიან პრობლემებს?
- ტელევიზიითაც იყო გაცხადებული და მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს, მოლაპარაკებები არ გაგრძელებულა. ტელევიზიით განაცხადეს, რომ შპალის ქარხანა უნდა დაგვეთმო და ეს ავტომატურად ნიშნავდა „ზედაზენის“ დათმობასაც. ამის გარდა, ხუხაშვილი შეხვდა ჩემს ერთ-ერთ მეგობარს და პირდაპირ უთხრა, თქვენს წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა მუშაობსო. ჩემმა მეგობარმა უპასუხა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის მუშაობდა სახელმწიფო მანქანა, მძღოლი იყო ყოველთვის სხვადასხვა.
დღეს ამ ლოკომოტივს წარმოადგენს ხუხაშვილი, რომელსაც გუნცაძე უმყარებს პოზიციებს და ახლა მათ ფინანსური პოლიციის შეფიც შეემატა.
მიზანი რა არის ამ ბრძოლის, კომპანიების წართმევა?
- ვიღაცას არ სიამოვნებს, რომ ყველაზე წარმატებული კომპანიები აქვს ჩემს ბიზნეს-ჯგუფს. ეს ხდება შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, „ლომისი“, „ნატახტარი“, „თაბაშირმუყაო“, „ბარამბო“, „ზედაზენი“ - ყველა მათგანის სახელი ჩვენს ბიზნეს-ჯგუფს უკავშირდება და დამისახელოს ვინმემ სხვა ბიზნეს-ჯგუფი, რომელსაც ამდენი წარმატება ჰქონდა.
დღესაც ძალზე სერიოზულ კომპანიებთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, რომ ინვესტიციები განხორციელებულიყო, მაგრამ უკვე მოგახსენეთ, რა სიტუაციაც შეიქმნა, ყველანაირად იბლოკება ახალი მიმართულებები.
პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის ყველანაირი პირობა შეიქმნება. მან იცის, რაც ხდება თქვენს ირგვლივ?
- ვერ გეტყვით. იმედი მაქვს და მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენს ირგვლივ შექმნილი ვითარება არ იცის სრულად. ივანიშვილის პირველი მოწოდებისთანავე დავიწყე ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა და საკმაოდ წარმატებულადაც. თუმცა, ყველაფერი უკუღმა გვიტრიალდება. თაღლითობის და ფულის გათეთრების მუხლები წაგვიყენეს.
რომელი კომპანიის მიმართ?
- შპალის ქარხნის მიმართ, ბანკისგან კრედიტი ავიღეთ, „ზედაზენი“ დავაფუძნეთ და ეს სესხი ფულის გათეთრებაში ჩაგვითვალეს. ამის გარდა, დამკვეთისგან ავანსის სახით მიღებული თანხა, რომელიც შპალის ქარხანამ „ზედაზენში“ შეიტანა ინვესტიციის სახით, ასევე ფულის გათეთრებად გვეთვლება. ეს თანხები „ზედაზენმა“ შპალის ქარხანას უნდა დაუბრუნოს და ამის შესახებ კონტრაქტებიც არსებობს. როცა ერთმანეთისგან ვერ არჩევენ, რა არის ფულის გათეთრებაა და რა - ინვესტიცია, რა არის სესხი და რა - ქრთამი, ასეთი გამოძიების არ მჯერა.
ხუხაშვილს რა უნდოდა - თქვენი კომპანიები თუ მათი ჩაძირვა?
- ჯერ - კომპანიები. როცა უარი მიიღეს, მერე ჩაძირვა განიზრახეს. როგორც კი უარი მიიღეს, ყველანაირი მოლაპარაკება შეწყდა, არც წილი უთხოვია ვინმეს.
ივანიშვილი ხშირად ხვდება ბიზნესმენებს, არ გქონდათ მასთან ამ თემაზე საუბრის საშუალება?
- ჩვენ ასეთ შეხვედრებზე არ გვეძახიან, იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტში სერიოზული თანხები შეგვაქვს. იმასაც ვერ მივაღწიეთ, თუნდაც ეკონომიკური ექსპერტების თანდასწრებით განგვეხილა ჩვენი ბიზნეს-ჯგუფის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია. სხვადასხვა რამეს იმიზეზებენ, რომ ახლოს არ გაგვეკარონ. მზად ვარ ნებისმიერ ეთერში ღიად ვისაუბრო ჩემს ბიზნესებზე.
თუმცა, არიან წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნეს-წრეები, რომლებიც არანაირ შევიწროებაზე არ საუბრობენ, მაგალითად - შარანგიები...
- მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ ვის რას ელაპარაკება, ვისთან ალაგებს და აგვარებს სიტუაციებს. ვლაპარაკობ იმას, რაც ვიცი. მაგალითად, ერთ დროს წამყვანი თემა ისევ ხორცის ბიზნესი იყო, მიბმული - ცეზარ ჩოჩელთან. არ ყოფილა ჩემი. რამდენიმე ჯგუფი იყო ამ ბიზნესით დაკავებული, ამის გარდა არსებობდა 4-თუ 5 შემომტანი ფირმა. საგადასახადოში ყველა მონაცემი აქვთ, მაგრამ ამის შესახებ რატომღაც არ საუბრობენ.
ეს ახალი თემა არ არის და ამ ბიზნესთან წინა ხელისუფლების დროსაც გაკავშირებდნენ...
- ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დამბრალდა...
ანუ, ნაციონალების რომელი ფრთა გებრძოდათ?
- მებრძოდა ის ფრთა, რომელიც ნათელაშვილთან იყო შეკრული, ეს პიარი ნათელაშვილმა დაიწყო, მას კი ვიღაც აძლევდა მითითებას, სავარაუდოდ - სპეცსამსახურები.
ანუ, სააკაშვილის ფრთა?
- ზუსტად რომ ვიცოდე, ვიტყოდი, რომ სააკაშვილი იყო, მაგრამ არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ნათელაშვილს ეს აზრები თავისით არ მოსვლია თავში. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ არავინ არ ინტერესდება რეალობით? უნდათ ხალხს დააჯერონ, თითქოს ჩოჩელი და მისი გუნდი ხელისუფლების დახმარებით ქმნიდა ამ ბიზნესებს. დახმარება და მფარველობა იმას სჭირდება, ვისაც ჭკუა არ ყოფნის. ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე წარმოუდგენიათ.
რა მეთოდით აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?
- ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებნთ, ეს იქნება ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. თუ ქართულ სასამართლოში ვერაფერს მივაღწევთ, ევროპულ სასამართლოს მივმართავთ.
იმდენად დავიღალე ამ დაუსაბუთებელი ბრალდებებით, თუნდაც იმით, მუდმივად რომ საუბრობენ, თითქოს წინა ხელისუფლება მფარველობდა ჩემს ბიზნესას. ვსვამ კითხვას - რაში გამოიხატებოდა ეს მფარველობა? ყველა გადასახადს ვიხდიდით, მეტსაც გეტყვით - ტკბილეულის იმპორტიორები ჩვენზე ორჯერ ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ, „მიქსორის“ მიმართ დავალიანება კი დღემდე არ არის ანაზღაურებული. ეს იყო ხელშეწყობა?! კომპანიებში ფინანსურად ყველაფერი წესრიგში იყო და ის მოიმიზეზეს, ჩოჩელი გუბერნატორი რომ იყო, ზეგავლენას ახდენდა ტენდერებზეო. თითქოს შპალის ქარხანა იაფად შევიძინეთ, მაგრამ მაქვს დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება, რომ ეს ქარხანა იმის ნახევარიც არ ღირდა, რაც მასში გადავიხადეთ.
უკვე იმდენი მიმართულებით მაქვს ბრალი წაყენებული, მალე რეკორდსმენად ვიქცევი, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ყველა საქმეში ერთი მოწმე ჰყავთ - ნიკოლოზ შაქარაშვილი, ჩემი ყოფილი მეგობარი, რომელთანაც 2010 წელს კონფლიქტი მომივიდა. არ გამიკვიერდება, შაქარაშვილის ჩვენებით რომელიმე მაღაზიიდან კოსტუმის მოპარვაც რომ დამაბრალონ.
თუ ეს შეგნებულად და მიზანმიმართულად არ ხდება, საკითხავია, სამართლიანობის აღდგენა თუ დამკვიდრება რაღა იმ წარმატებული კომპანიების დაშლით დაიწყეს, რომლებიც საქართველოს სახეს წარმოადგენენ ევროპაში?! „ზედაზენი“ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ქარხანად აღიარეს, წელს ამ კომპანიამ 10 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა, „ბარამბოც“ ანალოგიურად ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ რეგიონში...
დღვანდელ პროცესს რაც შეეხება, მიმდინარეობს ბრძოლა, რომ ეს კომპანიები გაუფასურდეს, შემდეგ ვიღაც უცხოელი შეიძენს იაფად, რომლის უკანაც ქართული ჯგუფები იქნებიან. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი სცენარი მუშაობს.