გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, რეგიონში სტიქიის შედეგად ცალკეულ ადგილებში გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ პრობლემად რჩება.
„რეგიონში დაახლოებით, 75 ერთეული მძიმე სპეცტექნიკა, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობს. ცალკეულ ობიექტებზე გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებსაც იმედი გვაქვს, მალე გავხსნით. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოქალაქეებთან. არც ერთი მათგანი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გარეშე არ დარჩება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოქალაქეები მათთვის უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანოთ“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
სტიქიის მეოთხე დღეს გურიაში სამაშველო სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება დამეწყრილი ადგილები. სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები დაწმენდილია, ამ დროისთვის ტექნიკა შიდა სასოფლო გზებზე მუშაობს. განსაკუთრებით რთულია ვითარება, ჩოჩხათის თემის ორ სოფელში.