თუ ვინმემ, პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს აის „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და ხელშესახები რეფორმები. თუ ვინმემ, პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს აის „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. მჯერა და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ასეთი გამოწვევის წინაშე, ალბათ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და არ ჩერდება, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა, ეს თქვენ და ჩვენს ევროპელ მეგობრებს კარგად გესმით, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია. ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.