სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის საექსტრადიციო ციხიდან გაანთავისუფლეს. ადვოკატის ვახტანგ თალაკვაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზეა ბრალდებული, საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებს. თალაკვაძის განმარტებით, ათენის ციხიდან ჩხიტუნიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადვოკატებმა სასამართლოს მიაწოდეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ჩხიტუნიძის დიპლომატიურ პასპორტს ვადა გასული არ ჰქონია.
„დავით ჩხიტუნიძე ათენში უკანონოდ დააპატიმრეს - ვადაგასული დიპლომატიური პასპორტის საფუძველზე. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პასპორტის მოქმედების ვადა გაგრძელებული იყო და ათენის სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა, რის შემდეგაც ჩხიტუნიძე გაათავისუფლეს“, - განაცხადა ვახტანგ თალაკვაძემ.
ამასთან, ადვოკატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დავით ჩხიტუნიძე ინტერპოლით ძებნილი არ ყოფილა და სიმართლეს არ შეესაბამება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, იგი საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლმა დააკავა.
„ინტერპოლში შესული მასალების მიხედვით თვეების განმავლობაში განიხილავენ, უნდა მოხდეს თუ არა ამა თუ იმ პირის ძებნილად გამოცხადება. ჩხიტუნიძე ინტერპოლით ძებნილი არ ყოფილა“, - განაცხადა ვახტანგ თალაკვაძემ.
ბრალდებული ჩხიტუნიძე ათენიდან თურქეთში გამგზავრების მცდელობისას, დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ დავით ჩხიტუნიძის დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.
„როდესაც ის დააკავეს, ადვოკატები აცხადებდნენ, რომ თითქოსდა, ის დააკავეს ვადაგასული პასპორტის საფუძველზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ შესაბამისი დოკუმეტაცია მივიღეთ საბერძნეთის ძალოვანი უწყებიდან, სადაც მითითებულია მიზეზი რატომაც დააკავეს. ის დააკავეს როგორც საქართველოს მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ის დააკავეს“, - აცხადებს ირაკლი ჩილინგარაშვილი.
რაც შეეხება დავით ჩხიტუნიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ადვოკატი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ათენის ციხეში ცემის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სარეაბილიტაციოდ დრო სჭირდება, რის შემდეგაც საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.
„ვესაუბრე ჩხიტუნიძეს, გადაწყვეტილი აქვს ჩამოსვლა. თუმცა, სჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდი, როგორია, 30 კაცი რომ შემოგივარდება კამერაში და გცემს. რთულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ან ხვალ, თუმცა დაბრუნდება და წარდგენილ ბრალდებას გასცემს პასუხს“, - აცხადებს ვახტანგ თალაკვაძე.
ჩხიტუნიძე ათენში, თურქეთში გამგზავრების მცდელობისას დააკავეს. საქართველოს შსს-მ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. რაც შეეხება ბრალდების ეპიზოდს, ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ედება ბრალად.
საქართველოს გენერალურ პროკურატურას დავით ჩხიტუნიძის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ჩხიტუნიძის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, ან შეტყობინება პროკურატურაში შემოსული არ არის.
რაც შეეხება მის საქართველოში ექსტრადირებას, როგორც წესი საკითხი განიხილება იმ სახელმწოფოს პროცედურების დაცვით, სადაც პირი პატიმრობაში იმყოფება. კანონმდებლობთ კი ქართული მხარის ვალდებულებაა 40 დღის ვადაში მასალები მიაწოდოს შესაბამის სახელმწიფოს. როგორც ირაკლი ჩილინგარაშვილი აცხადებს, მათ გაცილებით ადრე მიაწოდეს ეს მასალები ბერძნულ მხარეს. როგორც ირაკლი ჩილინგარაშვილი ამბობს, ბერძნულ მხარეს დამატებითი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია.
„გავრცელდა ადვოკატის ინტერვიუ სადაც იყო მითითებული, რომ პასპორტთან დაკავშირება გაუგებრობა აღმოიფხვრა და სწორედ ამ მიზნით მოხდა მისი განთავისუფლებაო. ჩვენ დავეკონტაქტეთ ჩვენს კოლეგებს ათენში, როგორც იუსტიციის სამინისტროში, ასევე პროკურატურაში. მათ დაგვიდასტურეს, რომ ეს ადამიანი სასამართლომ გაანთავისუფლა.
თუმცა მიზეზი იყო არა ის, რომ თავის დროზე ის პასპორტის ვადის გასვლის გამო დააკავეს, არამედ ის, რომ იგი იყო ინტერპოლის მიერ ძებნილი და დანაშაული რისთვისაც ჩვენ მას ბრალს ვდებდით, საბერძნეთის კანონმდებლობით აღმოჩნდა ხანდაზმული.
ეს არის ერთადერთი დამბრკოლებელი გარემოება ექსტრადიციისა. ჩვენი კანონმდებლობით ქმედება არ იყო ხანდაზმული და ბრალი წარედგინა. საბერძნეთს სხვა რეგულაციები აქვს, სხვა კანონდებლობა აქვს. საბერძნეთის კანონმდებლობით ეს დანაშული აღმოჩნდა ხანდაზმული. ჩვენი ინფორმაციით ათენის პროკურატურა აპირებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზედა ინსტანციაში და ამის შემდეგ გვეცოდინება საბოლოო პასუხი ექსტრადიციის კუთხით რა გადაწყვეტილება იქნება, დადებითი თუ უარყოფითი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ჩილინგარაშვილმა.