ირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება იმპიჩმენტის მომხრეთა 100 ხმა პარლამენტში ვერ მოგროვდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება

ირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება იმპიჩმენტის მომხრეთა 100 ხმა პარლამენტში ვერ მოგროვდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება

სამწუხაროდ პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ამ შემთხვევაში ამ საკითხს რეაგირება სჭირდება. რეაგირების ერთადერთი სამართლებრივი ფორმა, არის იმპიჩმენტის პროცედურის გამოცხადება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ქრონიკას განუცხადა.

„გვესმის, რომ შეიძლება საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის მომხრეთა 100 ხმა პარლამენტში ვერ მოგროვდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა თავის წესებს ითვალისწინებს.

„ის ხელმომწერი დეპუტატები, ვინც სარჩელს მოაწერენ ხელს, ამ ხელმოწერების დასტური უნდა შემოწმდეს და ამას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი არეგულირებს. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ერთი თვის ვადა, რომ ეს სარჩელი განიხილოს და შემდეგ ბრუნდება პარლამენტში და კენჭისყრაზე დადგება საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს საშემოდგომო სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დეპუტატები მიმდინარე აქტუალურ თემებზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.