არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ აგრძელებს მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განსაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობს ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.
პროექტში დაკავებული ექსპერტები ამ საკითხებზე საკუთარ დასკვნებს გამოაქვეყნებენ. ყოველი კვირის დასასრულს გააანალიზებენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს გასაშუქებლად.
აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.
გასულ კვირას ექსპერტებმა გააანალიზეს ის პუბლიკაციები, რომელიც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებში გამოქვეყნდა: „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“
არჩევნების თემას ამ გამოცემებმა, ჯამში, 42 სტატია მიუძღვნეს. აქედან არჩევნების თემა უარყოფით კონტექსტში 19-ჯერ გაშუქდა, ნეიტრალური აღმოჩნდა ასევე 19 სტატია და მხოლოდ ოთხ პუბლიკაციაში ჭარბობდა დადებითი განწყობა კონკრეტული კანდიდატისა და პროცესის მიმართ.
როგორც იქნა, მედიამ ამცნო მკითხველს, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი სულაც არ იქნება ყოვლისშემძლე
თამარ მჭედლიშვილი
წლებია, რაც ქართველმა მკითხველმა კარგად გააცნობიერა, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც გაზეთების საშუალებით იღებს, აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის; რომ ზოგიერთ გაზეთს შეუძლია აქცენტების გადატანა მნიშვნელოვანი (და არა საინტერესო) მოვლენიდან საინტერესო (მაგრამ არა მნიშვნელოვან) ფაქტზე; რომ გაზეთების ნაწილს შეუძლია იყოს ტენდენციური, დაბეჭდოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ასე შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკურად აქტიურ მკითხველს ჩამოუყალიბდა ერთგვარი ჩვევა - არ ენდოს ერთი კონკრეტული გამოცემიდან მიღებულ ინფორმაციას, ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა მედიაგამოცემებში მოყვანილი ფაქტები და გამოიტანოს საკუთარი აზრი მიმდინარე პროცესებზე.
ასეთი მიდგომის გათვალისწინებით, ქართულ პრესა, ალბათ, ვალდებულია, მკითხველის ნდობა დაიბრუნოს. მით უფრო არჩევნების წინ, როდესაც სოციალური ქსელებიდან და გაურკვეველი წარმოშობის ახლადგამოჩეკილი საინფორმაციო სააგენტოებიდან მოედინება გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და აშკარა დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადი, სადაც ნებისმიერს, ვინც თავს „მოქალაქე ჟურნალისტად“ მიიჩნევს, აქვს ყველანაირი საშუალება, საზოგადოებას ამცნოს იმ ფაქტების შესახებ, რომელიც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია. სოციალური ქსელების ამ კატეგორიის მომხმარებლისათვის სულაც არ აქვს მნიშვნელობა, გადამოწმდება თუ არა ინფორმაცია, ან როგორ იმოქმედებს ის ამომრჩეველზე... ერთი სიტყვით, იგი პასუხს არ აგებს, თუკი მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, უკეთეს შემთხვევაში, არაზუსტი იქნება, ხოლო უარეს შემთხვევაში, აშკარა ჭორი და დეზინფორმაცია.
სოციალური ქსელებიდან მიღებული ჭორებისაგან დაღლილი, პოლიტიკურად აქტიური სულ უფრო მეტი მკითხველი კი კვლავ უბრუნდება „ბებერ, კეთილ“ გაზეთებს. ეს ერთობ დადებითი მოვლენაა და ეს გაზეთებმაც უნდა გაითვალისწინონ.
გასული კვირის პრესის ანალიზის შემდგომ შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული დადებითი ძვრები ამ მხრივ შეინიშნება. როგორც იქნა, მედიამ ამცნო მკითხველს, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი სულაც არ იქნება ყოვლისშემძლე, რომ პოლიტიკური ცხოვრება განსხვავებულ ფაზაში შედის და ამას ანალიზი და გააზრება ჭირდება: „საზოგადოებამ დღეს კარგად გაიაზრა, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში სულაც არ ირჩევს ისეთ ლიდერს, როგორისთვისაც წინა არჩევნებში იბრძოდა. მსგავსი პოლიტიკური ვითარება კი წინასაარჩევნო კამპანიის მოლოდინსა და ტემპსაც კარგად დაეტყო. მომავალი პრეზიდენტი მხოლოდ არბიტრის ფუნქციას შეასრულებს, რეალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა კი არ ექნება. საზოგადოება იმასაც კარგად ხვდება, რომ თუ არჩევნებში კოალიციის კანდიდატი გაიმარჯვებს, ძალაუფლება ისევ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდება, რაც ქვეყნისთვის მომგებიანი სულაც არ არის“. (გაზეთი „ვერსია“.18 – 19 სექტემბერი ).
იგივე შინაარსისაა გაზეთ „რეზონანსში“ დაბეჭდილი ერთ-ერთი ვრცელი მიმოხილვა, სადაც ჟურნალისტი კანდიდატების დაპირებებს აანალიზებს: „7 სექტემბრის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატები აქტიურად მართავენ საარჩევნო კამპანიას და, როგორც კამპანიის წესია, დაპირებებს, დაწყებული საარსებო მინიმუმის გაზრდით და პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენით დასრულებული, უხვად გასცემენ. თუმცა არც ერთი მათგანი არაფერს ამბობს იმაზე, ამ ყველაფერს რა ბერკეტებით შეასრულებს. მით უმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ პრეზიდენტს აღარც ძალაუფლება ექნება და აღარც სათანადო ფუნქციები. (გაზეთი „რეზონანსი“, 16 სექტემბერი)
გაზეთების ფურცლებიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საუბრების დაწყების გარდა, გამოვყოფდი კიდევ ერთ, დადებით ტენდენციას - ესაა საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობაზე ყურადრების გამახვილება. გაზეთებს უკვე უჩნდებათ კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადებები: „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი საპრეზიდენტო არჩევნების შეჯამებისას, სავარაუდოდ, ერთ-ერთ პრობლემურ საკითად დასახელდება - აცხადებენ "რეზონანსთან" საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ხუთი პოლიტიკური პარტია კი საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს და საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების პროცესით დაინტერესებისკენ მოუწოდებს“. („რეზონანსი“, 21 სექტემბერი).
ამავე გაზეთში საუბარია „ქართული ოცნების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც: „ზუგიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შესაძლია , 2 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, ვინაიდან ისინი სამუშაო საათებში „ნაციონალური მოაძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საწინააღმდეგო აქციას ესწრებოდნენ, ეს კი კანონით დასჯადია“. (გაზეთი „რეზონანსი“. 16 სექტემბერი)
პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო ვოიაჟებს საკმაოდ ოპერატიულად აშუქებდა „ახალი თაობა“, თუმცა მხოლოდ ნიუსების დონეზე.
გასულ კვირას გაზეთებმა კვლავ არ დატოვეს უყურადღებოდ ანალიტიკოსთა და ექსპერტთა მოსაზრებები, პროგნოზები, გამოაქვეყნეს ინტერვიუები პოლიტიკოსებთან, მათთან ერთად იმსჯელეს, თუ ვინ და რატომ გაიმარჯვებს და გამოყვეს საარჩევნო მარათონის ფავორიტები: გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, გიორგი თარგამაძე, შალვა ნათელაშვილი, კობა დავითაშვილი, ზურაბ ხარატიშვილი... რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, იმავე „რეზონანსის“ აზრით, „დანარჩენი კანდიდატების დაპირებები კი, მცირე გამონაკლისის გარდა, რელიგიურ და მისტიკურ სფეროში გადადის და ცხადია, რომ ეს ყველაფერი ნებისმიერი პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება“.
და ბოლოს: ცენტრალურ მედიასაშუალებებში თითქმის არსად გვხვდება ინფორმაციები რეგიონებიდან, რაც ერთგვარ ნაკლად შეიძლება ჩავუთვალოთ გაზეთებს. მით უფრო, რომ რეგიონული მედია საკმაოდ აქტიურია და თანამშრომლობის პირობებში, ცენტრალურ გაზეთებს მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწოდებდნენ ადგილებზე წინასაარჩევნო ვითარების შესახებ.
ქართული პრესა კულუარებს ვერ გასცდა
როზი ჯღამაია
შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად, არცერთი სტატია თუ ნიუსი არ ეძღვნება საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს და პრესა, ძირითადად, ინტერესდება პოლიტიკური კონტექსტით და დიდ ყურადღებას უთმობს კულუარულ ინფორმაციებს და ცალკეული პოლიტიკოსების „ფრთიან ფრაზებს“.
როგორც აღვნიშნეთ, სტატიები, ძირითადად, აგებულია პოლიტიკოსების პირად მოსაზრებებზე და არცერთი გამოცემა დროს არ უთმობს ანალიზს. შესაბამისად, ამომრჩეველი მოკლებულია შესაძლებლობას, თუნდაც, ზოგადად შეიქმნას წარმოდგენა თითოეული კანდიდატის სამოქმედო გეგმებზე.
გაზეთი „ასავალ დასავალი“ - 16-22 სექტემბერი, აქვეყნებს სტატიას სათაურით: „რესპუბლიკური პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო გადატრიალებისთვის ემზადებიან“. ინტერვიუ ჩაწერილია ყოფილ პოლიტიკოსთან, სანდრო ბრეგაძესთან.
გაზეთი Prime Time კი 16 სექტებერს აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ფარული შეხვედრა „რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში“. აქაც რესპოდენტი სანდრო ბრეგაძეა.
ციტატა: „საუბარი იყო იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს მარგველაშვილმა, მეორე ადგილზე გავიდეს ბაქრაძე, ხოლო ბურჯანაძე მხოლოდ მესამე ადგილს უნდა დასჯერდეს“.
არცერთ გამოცემაში არაა მინიშნებაც კი იმაზე, რას ეფუძნება ბრეგაძის ინფორმაცია.
გაზეთი „ახალი თაობა“ კი 17 სექტემბერს აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რაზე ვერ შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი“. ინტერვიუ ჩაწერილია დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, თუმცა სტატიის შინაარსი აცდენილია სათაურს. სტატიაში ვერსად ამოიკითხავთ ვერცერთ სტროფს, სადაც საუბარია კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც დაადასტურებდა ივანიშვილსა და ზურაბიშვილს შორის კონკრეტულ უთანხმოებას.
ციტატა: „სალომე ზურაბიშვილი უპირობო მხარდამჭერი იყო ბიძინა ივანიშვილის და ბუნებრივია, მას ჰქონდა სრულიად კანონიერი განცდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში მისი შესაბამისი გამოცდილებისა და პროფესიიდან გამომდინარე, მოინახებოდა ღირსეული ადგილი“.
პრესაში, ისევე, როგორც გასულ კვირას, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიძინა ივანიშვილის ფიგურას და, ძირითადად, რესპოდენტები ივანიშვილის პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლას აფასებენ, თუმცა აქაც, მხოლოდ ვარაუდებია გამოთქმული და არ ჩანს, მოსალოდნელი ფაქტის ღრმა ანალიზი.
გაზეთი „ახალი თაობა“ 19 სექტემბერს აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ივანიშვილი პრემიერობიდან არ უნდა წავიდეს!“ ციტატა ნინო ბურჯანაძეს გამონათქვამიდან: „საქართველოს მოსახლეობას სურს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერი, ნინო ბურჯანაძე კი პრეზიდენტი იყოს“.
გაუგებარია, რას ეფუძნება ბურჯანაძის დასკვნა და ჟურნალისტიც არ ცდილობს ჩაეკითხოს რესპოდენტს.
იგივე გაზეთი 16 სექტემბერს, იგივე თემატიკაზე აქვეყნებს ინტერვიუს ნანა დევდარიანთან სათაურით: „ივანიშვილის განცხადებები მარგველაშვილს ხელს უშლის“. ციტატა: „ბიძინა ივანიშვილის გარეშე გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი მოახერხებს იმ ამოცანების გადაჭრას, რომელიც ქვეყნის წინაშე იქნება? ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება“.
და ისევ „ახალი თაობა“ - 20 სექტემბერი, სტატიის სათაური: „ბიძინა ივანიშვილი: „მე არასად წასვლას არ ვაპირებ“.
„ახალი თაობა“ - 21სექტემბერი, თემატიკა იგივეა. სტატიის სათაურია: „შალვა ხაჭაპურიძე: ივანიშვილმა ხალხს უთხრა, მარგველაშვილი მე მჭირდებაო“.
ასევე, როგორც გასულ კვირას, პრესაში კვლავ აქტუალურია კოაბიტაციის თემა. გაზეთი „რეზონანსი“16 სექტემბერს აქვეყნებს სტატიას სათაურით: „41 დღე კოაბიტაციის დასრულებამდე“.
ციტატა სტატიიდან: „ენერგეტიკის მინსტრმა კახი კალაძემ პირობა დადო, რომ „კოალიციის უალტერნატივო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით საქართველოში კოჰაბიტაცია დასრულდება“, - რასაც შეფასებას აძლევს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე: „პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, სამართალდამცველ ორგანოებს რაიმე უკარნახოს. ბურჯანაძე აცხადებს, რომ - ვიბრძოლებო, ასე იყოს, მაგრამ ბერკეტი არ გააჩნია. ამიტომაც კოჰაბიტაციის დასრულება, სამართლიანობის აღდგენის გაგებით, პრეზიდენტს არც ეხება“.
და იქვე, მოყვანილია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას სიტყვებიც: „კალაძის განცხადება კოჰაბიტაციის დასრულებაზე სწორედ იმ ხალხის გასაგონადაა გაკეთებული, ვისაც კოჰაბიტაცია არ მოსწონს. იმ ხალხის, ვინც „ოცნებიდან“ ბურჯანაძესთან ამ მოტივით გადავიდა“.
ასევე კოაბიტაციის თემას უთმობს თავის გვერდს გაზეთი „ვერსიაც“. ინტერვიუ ჩაწერილია პოლიტიკურ ექსპერტთან სოსო ცისკარიშვილთან - „გიორგი მარგველაშვილის პიარკამპანიობა მიხეილ სააკაშვილმა იკისრა“.
ციტატა ინტერვიუდან: „ლიდერებად წარმოჩენილები არიან მარგველაშვილი და ბურჯანაძე. ამიტომაც დიდი ალათობით, ასეთი შედეგით მივალთ არჩევნების მეორე დღემდე, თუ რაიმე პოლიტიკური ხრიკის მოწმე არ გავხდით ნაციონალებსა და მეოცნებეებს შორის ზეკოაბიტაციური ფორმულის შედეგად“.
„ახალი თაობა“ კი, 17 სექტემბერს აქვეყნებს ნიუსს სათაურით: „თბილისში „ქართული ოცნების 100-ზე მეტი წევრი ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში გასაწევრიანებლად მივიდა“.
ციტატა: „ქართული ოცნების“ წევრები, მათ მიერ კოალიციის დატოვების მიზეზად სამართლიანობის აღდგენის პროცესის ჩავარდნას და გაუგებარ კოჰაბიტაციას ასახელებენ“.
კოაბიტაციის თემაზე, გაზეთი „ასავალ დასავალი“ 16-22 სექტემბრის ნომერში აქვეყნებს ინტერვიუს კობა დავითაშვილთან და როგორც ჩანს, არჩევნებამდე ისე მივალთ, რომ ქართული პრესა თავის მკითხველს ახალს არაფერს შესთავაზებს და მთელი აქცენტი კვლავ ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსების ცალკეულ გამონათქვამებს დაეთმობა. ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი მხოლოდ საკუთარ გულისთქმას უნდა ანდოს, ვინაიდან მის უფლებას - მიიღოს ობიექტური, მიუკერძოებული და სრულყოფილი ინფორმაცია - ქართული პრესა არ ითვალისწინებს.