გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი შიო-მღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლაზე: მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნულმა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი

გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი შიო-მღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლაზე: მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნულმა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესების შესწავლა გრძელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.

გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნულმა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი“, - განაცხადა გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.

სააგენტოს ცნობით, ასევე, სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა მოხდეს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ხევის მიმდებარედ გადაადგილების შეზღუდვა ვიზიტორებისა და მომლოცველებისათვის.

ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით, მონასტერთან გადაადგილება შეზღუდულია. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.