რუსების მიერ საზღვრის დემარკაცია, ყოველგვარ საზღვარს გასცდა

რუსების მიერ საზღვრის დემარკაცია, ყოველგვარ საზღვარს გასცდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანის მოსახლეობას, სადემარკაციო სამუშაოების განახლების შედეგად, ოკუპირებულ ზონაში მოხვედრილ ტერიტორიებზე არსებული მოსავლის ასაღებად, თავდაპირველად, 10 დღიანი ვადა მისცეს, თუმცა მოგვიანებით წინადადება შეიცავალა - ადგილობრივებმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოასწრონ საშემოდგომო მოსავლის დაბინავება.

ე.წ სამხრეთ ოსეთის სპეციალური წარმომადგენლის მურმან ჯიოევის განცხადებით, „დვანში სადემარკაციო სამუშაოები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების ამსახველი რუკის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. აქ ნუ გადმოხვალთ, მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს საზღვრის გავლების ჩვეულებრივი სამუშაოები. ჩვენ ვხელმძღვანელობთ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც, ეს ხაზი ეკუთვნის ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს. სწორედ ამ ხაზით ვსაზღვრავთ ჩვენ ტერიტორიას. ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ რაიმე მიზეზით, ან პროვოკაციის შედეგად არ დაარღვიონ ეს საზღვარი“, - განაცხადა მურმან ჯიოევმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ადმინისტრაციის უფროსის რობერტ გაზაევის განცხადებით, „აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარი მოსავალი არ არსებობს და მიმდებარე ადგილები მხოლოდ ველური ბაღებია“.

„ჩვენ ხელს არავის ვუშლით და ჩვენც ნუ შეგვიშლიან ხელს მუშაოაბაში, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე ვმუშაობთ. გავავლებთ საზღვარს, რომელიც ჩაკეტილი იქნება და ვერავინ შეძლებს მის გადმოკვეთას. რაც შეეხება მოსავალს, გარშემო მსგავსს ვერაფერს ვხედავ. ეს ველური ბაღებია, რომლებსაც არავინ ამუშავებდა“, - განაცახდა რობერტ გაზაევმა.

სოფელ დვანთან მიმდინარე სადემარკაციო სამუშაოებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან და მოსახლეობას მოსავლის მაქსიმალურად სწრაფად აღებისკენ მოუწოდებენ, რათა წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მათი დაკავება არ მოხდეს.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანთან რუსმა სამხედროებმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ზოლის 400 - 500 მეტრით გადმოწევის შედეგად, საქართვლოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე 10 ჰექტარამდე მიწის ფართობი და მასზე არსებული სახნავ-სათესი მიწები და მოსახლეობის ხეხილის ბაღები მოექცა.