2013 წლის 27 სექტემბერს 170 წელი შესრულდება უდიდესი ქართველი მოაზროვნისა და მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) დაბადებიდან.
სამწუხაროდ, მაღალ ეშელონებში და მასმედიაშიც ჯერ ჩამიჩუმიც კი არ ისმის ამ პიროვნებისა და მისი იუბილეს შესახებ. ვიცით მხოლოდ, რომ ახლახან გამოვიდა ნიკო ნიკოლაძის იდეებისა და ღვაწლის ცნობილი მკვლევარის, პროფესორ ვაჟა შუბითიძის მონოგრაფია სახელწოდებით “ნიკო ნიკოლაძე - კაცი-სახელმწიფო”, რომელიც უკვე იყიდება თბილისის წიგნის მაღაზიებში. გთავაზობთ ინტერვიუს ვაჟა შუბითიძესთან
როდიდან დაინტერესდით ნიკო ნიკოლაძით და მისი იდეებით?
- ეს მოხდა დაახლოებით 15 წლის წინ - ტექნიკურ უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის კათედრაზე ვადგენდით ქრესტომათიას “პოლიტიკა – კვინტესენცია” და მე წილად მხვდა ილიას და ნიკოს უმნიშვნელოვანესი გამონათქვამების და იდეების ამოკრეფა და შეტანა ამ კრებულში. მანამდე ნიკოლაძეს ვიცნობდი, როგორც დიდ პუბლიცისტს (როგორც ამას გვინერგავდნენ სკოლაში). აქ კი აღმოვაჩინე სრულიად სხვა ნიკოლაძე – უაღრესად თანამედროვე და თავის დროზე მნიშვნელოვნად წინ წასული დიდი ფიგურა, საქართველოს მამა და საქმიანი პიროვნება.
რაში მდგომარეობს მისი მნიშვნელობა თანამედროვე საქართველოსთვის?
- ნიკო ნიკოლაძემ იმდენად გადაუსწრო თავის დროს, რომ ერთ სტატიაში მას XXI საუკუნის მოაზროვნე ვუწოდე. მისი ნააზრევი, ნაწერები საუკუნეზე მეტს ითვლის, მაგრამ თითქოს გუშინ დაუწერიაო ვინმეს. ნიკოს იმდენი ღვაწლი აქვს ქართული საზოგადოების და საქართველოს წინაშე, რომ მას “კაცი-სახელმწიფო” ვუწოდე. ამ უდიდესმა საქმიანმა პატრიოტმა ფაქტიურად მარტომ შეძლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური საკითხების დაყენება და გადაწყვეტა, ასევე დიდი ქართული პროექტების წამოწყება და გასრულება, რაც დღესაც სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ფუნქციაა.
ქართველ მოღვაწეთა შორის ნიკო ნიკოლაძე გამორჩეულია თავისი საქმეებითაც (იხილეთ საიტზე for.ge ჩემი ბლოგი “ნიკო ნიკოლაძის ადგილისათვის ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში”). არჩილ ჯოჯრაძემ მას “ულმობელი საქმის კაცი” უწოდა და მართლაც საქართველოს ახალ ისტორიას არ ახსოვს ასეთი დაუდეგარი და საქმიანი პიროვნება, ბიზნესის ასეთი ორგანიზატორი.
ის იყო ქართული პოლიტიკური რეალიზმის და პრაგმატიზმის მამამთავარი, ახალი პოლიტიკური იდეების და ტექნოლოგიების დამამკვიდრებელი, ბრწყინვალე ეკონომისტი და იურისტი, პოლიტოლოგი და გეოპოლიტიკოსი, ევროპაში აღიარებული პუბლიცისტი და მოაზროვნე, ყველაზე ცნობადი სახე ევროპაში და რუსეთში ქართველი მოღვაწეებიდან. საქართველოს წინაშე უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მის შვილებსაც. საერთოდ, ასეთი დონის ინტელექტუალური ოჯახი არ ახსოვს საქართველოს. ნიკო ნიკოლაძემ ღრმა ანალიზისა და შორსმჭვრეტელობის წყალობით დასვა და გადაწყვიტა ზოგიერთი კონცეპტუალური საკითხი, რომელიც მაშინაც და მერეც იდგა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე, გამოავლინა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მიზეზები და მოგვცა მათი გამოსწორების ადეკვატური რეცეპტები. ასეთი დიდი მოაზროვნე ევროპის და ამერიკის ბევრ მრავალრიცხოვან ერსაც კი არა ჰყავს. ამიტომაც ვთვლი მას ორი საუკუნის უდიდეს ქართველად.
რას იტყვით თქვენი წიგნის შესახებ?
- პირველ რიგში მადლობას მოვახსენებ ბატონ გოგი თოფაძეს, რომელიც 1999 წლიდან არის ნიკოლაძის იდეების ერთგული პროპაგანდისტი და განმახორციელებელი და რომელმაც უანგაროდ დააფინანსა წიგნის გამოცემა (ფოთის მესვეურებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ვერ გამონახეს სათანადო სახსრები და თავი შეირცხვინეს). წიგნში მოცემულია მისი იდეებისა და ღვაწლის პოლიტოლოგიური ანალიზი და შეფასება. თანამედროვე საქართველო, მათ შორის ახალი ხელისუფლებაც, ვალშია ამ დიდი გენიოსის წინაშე. საჭიროა მისი ღვაწლის სათანადოდ დაფასება და სასწრაფოს ჩაყენება დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში.