ამ ორი პოლიტიკური პარტიის განცხადება „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ჩანაფიქრი, თორემ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ „დამარცხების პლატფორმას“ უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება, უბრალოდ, მარკეტინგულად ასე სჭირდებათ, თორემ რისკები და რეალური პერსპექტივა მარცხის რომ აქვთ, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელს“ ბარიერის გადასალახად სჭირდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი რა შეიძლება მოეგო, ვერავინ ხვდება.
„მგონი, ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლამდეც ეს ორი პოლიტიკური პარტია მივიდა კარგი ცხოვრების გამო, ყველას აქვს თავისი პრობლემატიკა. შესაბამისად, ამ პრობლემების გადაჭრის ხერხი უფროა, რაზეც ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ საზოგადოება ხედავს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემთხვევაში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მომავალი არჩევნებისთვის არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რომ დამოუკიდებლად მოიპოვოს საზოგადოების იმ ზომის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკაში მისი ყოფნის შენარჩუნებას. ამიტომ ბარიერის გადალახვის პრობლემის მქონე ეს პოლიტიკური პარტია იღებს გადაწყვეტილებას, მიეკედლოს ვინმე სხვას, უფრო დიდს და, შესაბამისად, ამ გზით გავიდეს „სამშვიდობოზე“. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, აშკარად ჩანს, რომ შიგნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებული ფლანგებისთვის, ახლა აქტუალურია განსაკუთრებულად ამ ფლანგების გაძლიერება, ერთმანეთთან დაპირისპირების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ხაბეიშვილი თვლიდეს საჭიროდ ვაშაძისნაირი პოლიტიკოსის მიმატებას თავისი ფლანგის მხარდამჭერად. ეს შეიძლება, იყოს კარგი ვარიანტი ან შეიძლება სულაც არ იყოს ხაბეიშვილის ვერსია. ყოველ შემთხვევაში, რა შეიძლება, მოეგო „ნაციონალურ მოძრაობას“, მგონი, ვერავინ ხვდება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.