Wall Street Journal: რუსეთში აჯანყების შემდეგ, სულ მცირე, 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს

Wall Street Journal: რუსეთში აჯანყების შემდეგ, სულ მცირე, 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს

რუსეთში აჯანყების შემდეგ, სულ მცირე, 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, უკრაინაში რუსული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი აჯანყების დაწყებიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოცემის ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ სუროვიკინმა იცოდა აჯანყების გეგმების შესახებ, მაგრამ თავად არ მონაწილეობდა აჯანყებაში.

28 ივნისს, გამოცემა The New York Times-მა სადაზვერვო მონაცემებზე წვდომის მქონე რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ არმიის გენერალმა, საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა იცოდა, რომ შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბოხს გეგმავდა.

23 ივნისს შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის მებრძოლებთან ერთად მოსკოვში ჩავა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას პასუხს მოსთხოვს. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მებრძოლებს უკან, ლუგანსკის ოლქში აბრუნებს.