კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კოალიცია ,,ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის და ამავე კოალიციის დროშა ინახება. ამის ამსახველი ვიდეომასალა Qartli.ge-მ გადაიღო.
2013 წლის 7 სექტემბერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ვიდეოზე მარგველაშვილის მიერ ავტოგრაფების დარიგების ფაქტი გადაიღო. მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს კასპის საკრებულოს წევრმა და მუზეუმის თანამშრომელმა ავტოგრაფები ჩამოართვეს. Qartli.gE ამ ავტოგრაფების შემდგომი ბედით დაინტერესდა.
მუზეუმის თანამშრომელი ნანა მერებაშვილი საქართველოს და, ძირითადად, რეგიონის უახლესი პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ექსპონანტების შეგროვებით და მასალების შესწავლითაა დაინტერესებული. მისი თქმით, ეს აზრი მაშინ დაებადა, როდესაც საკრებულოს წევრმა ავტოგრაფი ჩამოართვა.
მუზეუმის ხანგრძლივი შტაჟის მქონე თანამშრომელი ლიანა ბალხამიშვილი საკონცენტრაციო ბანაკში სტუმრობას იხსენებს, სადაც მან ჰიტლერის და ფაშისტური გერმანის სხვა ლიდერების ფოტოები ნახა. ,,ასეთი შემონახული მასალები მომავალ თაობას იმ ფაქტებს და მოვლენებს ახსენებს, ცუდი იყო თუ კარგი, რომელიც მისი ქვეყნის ისტორიას ასახავს. ჩვენს მუზეუმში ისეთი მასალებიც ინახება, რომელიც რაიონის პოლიტიკური ცხოვრების სახეს ასახავს. ეს უნდა ნახოს მომავალმა თაობამ, მუზეუმში ასევე გვაქვს სხვა პოლიტიკური პარტიების პლაკატები, საპროგრამო ბროშურები და ა.შ. ესაა მუზეუმის სპეციფიკა” – ამბობს ლიანა ბალხამიშვილი.
ცოტა ხანში Qartli.gE-ს კოალიცია ,,ქართული ოცნების” პარტიული დროშა შემოუტანეს. მუზეუმის თანამშრომლის ნანა მერებაშვილის თქმით, პარტიის ადგილობრივმა შტაბმა მუზეუმს ოფიციალურად შესანახად გადასცა.
მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩადუნელი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული მუზეუმში სხვა პოლიტიკური ლიდერების და საპრეზიდენტო კანდიდატების ავტოგრაფებიც მოხვდეს.