ზენდეია ჩოგბურთელი გახდა 

ზენდეია ჩოგბურთელი გახდა 

ეიფორიას ვარსკვლავი ზენდეია ახალ ფილმ Challengers-ში პროფესიონალი ჩოგბურთელის როლს შეასრულებს.

ფილმის ტრეილერი ახალ თავგადასავლებს გვპირდება. მისი რეჟისორი ლუკა გუადანინოა, რომელიც ფართო საზოგადოებამ მისი ცნობილი ფილმით Call Me By Your Name-ით გაიცნო. მეტოქეები რომანტიკული სპორტული კომედიაა, რომელიც ტენისის სამყაროში გვამოგზაურებს, პარალელურად კი მთავარი გმირების პირად დილემებსა და ქაოტურ რომანტიკულ ურთიერთობებზე გვიყვება. ფილმში ზენდეია ცნობილი ჩოგბურთელის, ტაში დუნკანის როლს თამაშობს, რომელიც თავისი კარიერის მწვერვალზე ყოფნისას ტრავმას მიიღებს და თამაშს თავს ანებებს, პარალელურად კი, იმდროინდელ შეყვარებულთან, ასევე ჩოგბურთელთან, ურთიერთობას გაწყვეტს.

აქ დროის ხაზი წყდება და რეჟისორი უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მომხდარ მოვლენებს გვიჩვენებს, როდესაც ტაში მოთამაშის ნაცვლად, მწვრთნელად გვევლინება. ის ერთგვარი შურისძიებისთვის პროფესიონალური ტურნირის საბაზისო ეტაპზე, Challenger-ზე სათამაშოდ თავის ქმარს, არტის უშვებს. არტის დიდი წნეხი აქვს — მან უნდა დაამტკიცოს, რომ ჩემპიონობას იმსახურებს, ტაშის მოლოდინები გაამართლოს, პარალელურად კი, ცოლის ყოფილ შეყვარებულს შეეჯიბროს.

ფილმში ზენდეიასთან ერთად მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები მაიკ ფეისტი და ჯოშ ო'კონორი ითამაშებენ. Challengers-ის პრემიერა 11 აგვისტოს შედგება.