ნახეთ: მეცნიერებმა მეშვიდე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის სახე აღადგინეს

ნახეთ: მეცნიერებმა მეშვიდე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის სახე აღადგინეს

მეცნიერებმა მე-7 საუკუნეში მცხოვრები 16 წლის გოგოს სახე აღადგინეს. ამისთვის მათ კემბრიჯის მახლობლად აღმოჩენილი თავის ქალა გამოიყენეს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ძვლებიც და დაადგინეს, რომ ახალგაზრდა ქალი ინგლისის ტერიტორიაზე ცენტრალური ევროპიდან მოხვდა.

მხატვრებისა და ბიოარქეოლოგების ჯგუფმა მეშვიდე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის ძვლები და თავის ქალა კომპლექსურად შეისწავლა.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სურათი კარგად ასახავს იმას, თუ როგორ გამოიყურებოდა ახალგაზრდა ქალი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე.

"საინტერესო იყო გოგოს სახე. მისი მარცხენა თვალი ოდნავ ქვემოთ იყო, დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრით, ვიდრე მარჯვენა თვალი. ცხოვრებაში ეს საკმაოდ შესამჩნევი იქნებოდა", – თქვა კვლევის ავტორმა, ჰიუ მორისონმა.

ძვლების იზოტოპური გამოკვლევა

ძვლებისა და კბილების იზოტოპურმა შესწავლამ ქალის შესახებ საინტერესო დეტალები გამოავლინა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შვიდი წლის ასაკში ის ინგლისში სამხრეთ გერმანიიდან მოხვდა. ინგლისში გადასვლის შემდეგ მისი კვების რაციონი შეიცვალა და ის მკვეთრად შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა ქალი ძვირფას ტანსაცმელთან ერთად იყო დაკრძალული. იქვე იყო ჯვარიც, რაც ნიშნავს, რომ გოგონა ქრისტიანი უნდა ყოფილიყო.

მთლიანობაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, არისტოკრატული საზოგადოების წევრი იყო.

მკვლევრების თქმით, ჯვარი ადრეულ ანგლო-საქსონურ ქრისტიანობაზე მიუთითებს.