უკანასკნელი ფილმი ამერიკელი კინოვარსკვლავის, კერი ფიშერის მონაწილეობით, მსახიობის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ გამოვა. ფენტეზის ჟანრის ფილმს, სახელწოდებით Wonderwell, მაყურებელი 23 ივნისიდან იხილავს. მასში ფიშერი მითურ ჯადოქარს განასახიერებს.
ფილმის გადაღებები 2016 წლის მიწურულს მიმდინარეობდა, პროცესის დასრულებიდან ექვს კვირაში კი ფიშერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. Wonderwell-ის დასრულებას, როგორც ჩანს, კიდევ 7 წელი დასჭირდა. საბოლოოდ, ფილმის ტრეილერიც გავრცელდა, რომელიც სულ ახლახან ვიხილეთ.
Wonderwell-ში მოქმედება 12 წლის ვაიოლეტის გარშემო ვითარდება, რომლის დაც სამოდელო კარიერას იწყებს და სწორედ ამიტომ, ოჯახი საცხოვრებლად იტალიაში, შუა საუკუნეების დროინდელ სოფელში გადადის. სახლის მახლობლად, ტყეში ხეტიალისას კი ვაიოლეტი ფიშერის პერსონაჟს, ტყის ჯადოქარ ჰეიზელს გადაეყრება.
ფილმის რეჟისორი ვლად მარსავინია, სცენარისტი კი უილიამ ბრუკფილდი გახლავთ. ფიშერის გარდა, ნაწარმოებში მთავარ როლებს პოპვარსკვლავი რიტა ორა, მსახიობები კირა მილუორდი და ნელ ტაიგერ ფრი ასრულებენ.
"ფიშერის ფინალური სცენა ფილმში ნამდვილი ოქროა, ჯადოსნური ფარდის ჩამოფარება გამორჩეული მსახიობისა და ქალისთვის, რომელმაც აქაურობა მეტისმეტად ადრე დატოვა", — ამბობს პროდიუსერი ლი რუდნიკი.
ფიშერს, რომელიც Star Wars-ის ფილმებში შესრულებული პრინცესა ლეიას როლით გახდა ცნობილი, რამდენიმე კვირის წინ ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.