ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპმა გადაწყვიტა, რომ ყოფილ ცოლთან, ამბერ ჰერდთან, მოგებული სასამართლო დავით მიღებული $1 მილიონი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხოს.
CNN-ის ცნობით, დეპმა უკვე ორგანიზაციებიც შეარჩია. მსახიობისგან დონაციას 5 სხვადასხვა ფონდი მიიღებს — თითოეული $200 ათასს. ფონდების საქმიანობის სფეროები და მიზნები კი განსხვავდება: ეკოლოგია, ბავშვთა უფლებების დაცვა და ადგილობრივი ამერიკელების მხარდაჭერა.
2015 წელს დაქორწინებული ჯონი დეპი და ამბერ ჰერდი მომდევნო წელს, ფიზიკური ძალადობის ბრალდებებისა და შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ დაშორდნენ. დეპმა ბრალდებები უარყო. როცა ბრიტანულმა ტაბლოიდმა კინოვარსკვლავი "ცოლზე მოძალადედ" მოიხსენია, ამ უკანასკნელმა გამოცემას უჩივლა, თუმცა, სასამართლო წააგო. ამის შემდეგ მსახიობს არაერთი პროექტის დატოვება მოუწია.
2019 წელს დეპმა ასევე წამოიწყო სასამართლო დავა ჰერდის წინააღმდეგ. ჯონის თქმით, ყოფილმა ცოლმა ცილისწამებით რეპუტაცია შეულახა, რის გამოც არაერთი როლი დაკარგა. ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, სასამართლო მოსმენები 2022 წლის აპრილში დაიწყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ, დეპმა საქმე მოიგო. სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $15 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა. ჰერდმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ, მოგვიანებით, დავის მორიგებით დასრულებას და $1 მილიონამდე შემცირებული კომპენსაციის გადახდას დათანხმდა. დეპის ადვოკატებმა მაშინ განაცხადეს, რომ დავის მიმდინარეობისას მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი "სიმართლის ჩვენება" იყო და მას "ფული არასდროს აინტერესებდა".