ტომ ჰოლანდისა და ზენდაიას ვარსკვლავურ წყვილზე საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს, ახალ ინტერვიუში კი, მარველის სპაიდერმენის როლის შემსრულებელი მათი ურთიერთობის დეტალებს გვიზიარებს.
როგორც ვიცით, HBO-ს ახალ სერიალ The Crowded Room-ში ჰოლანდი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ამაზე სასაუბროდ მას Buzzfeed-თან ინტერვიუც ჰქონდა, სადაც ზენდეიასთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა. მსახიობმა გაგვიმხილა, რომ ზენდეია მისი ბავშვობის "სელებრითი ქრაში" იყო. ასევე, დაამატა, რომ ადამიანების მოსახიბლად შარმი არ აქვს, თუმცა ბედნიერი და შეყვარებულია და ის აღარც სჭირდება.
"იმისთვის, რომ ვიღაც ჩემით მოიხიბლოს და რაღაც გამოგვივიდეს, საჭიროა, შევუყვარდე, ამიტომ გრძელი გზის გავლა მიწევს. ზენდეიასთან სავარაუდოდ, ისიც დამეხმარა, რომ ფილმში ერთად ვთამაშობდით. ჩვენს პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდებოდათ, საზღვრები კი ნელ-ნელა იშლებოდა და რთული იყო გაგერჩია, სად მთავრდებოდა შენი როლი და სად იწყებოდი შენ", — აღნიშნავს მსახიობი.
ჰოლადმა მათი ურთიერთობის სასაცილო დეტალებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ზენდეია მას მიმებს დაუსრულებლად უგზავნის.
"ზედმეტად ბევრს მიგზავნის, ვერ ვეწევი! ხანდახან ინსტაგრამს როცა ვაუქმებ ხოლმე და რამდენიმე დღის შემდეგ აღვადგენ, რომ რამე დავპოსტო, მისგან ასობით მესიჯი მხვდება", — ყვება ჰოლანდი.
საზოგადოება დიდხანს ეჭვობდა, რომ სპაიდერმენის ვარსკვლავები — პიტერი და ემჯეი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ. საბოლოოდ, ზენდეიამ და ტომმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში აღიარეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან და მათი ურთიერთობაც ოფიციალურად დაადასტურეს. ინტერვიუში წყვილმა თამამად განაცხადა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ და აქამდე სურდათ, მათი ურთიერთობებისთვის გარკვეული კონფიდენციალურობა შეენარჩუნებინათ.
მოგვიანებით ტომი და ზენდეია Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ. ამის შემდეგ მათ შორის უამრავი გულისამაჩუყებელი მომენტის მომსწრენიც გავხდით.