ბერლინის პროკურატურამ Rammstein-ის ფრონტმენის წინააღმდეგ სექსუალიზებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბერლინის პროკურატურამ Rammstein-ის ფრონტმენის წინააღმდეგ სექსუალიზებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბერლინის პროკურატურამ Rammstein-ის ფრონტმენის ტილ ლინდემანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Bild-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსი სექსუალიზებულ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. საქმე ორ საჩივარს ეხება - ერთი ბერლინის პოლიციაში შევიდა, მეორე კი პირდაპირ პროკურატურაში. გამოძიება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე საქმის სხვა დეტალები უცნობია.

ივნისის დასაწყისში ათზე მეტმა ქალმა განაცხადა, რომ Rammstein-ის კონცერტების შემდეგ მათ სპეციალურად ლინდემანისთვის ორგანიზებულ წვეულებებზე პატიჟებდნენ, სადაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს სთავაზობდნენ. სულ მცირე ორი ქალი ამტკიცებს, რომ ამ წვეულებაზე მუსიკოსის მხრიდან სექსუალიზებული ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.

ლინდემანი ბრალდებებს უარყოფს, ჯგუფის ვებგვერდზე კი გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ამ ბრალდებებს სერიოზულად აღიქვამენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ფანებმა ჩვენს შოუებზე თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ“, - წერია განცხადებაში.

გამოძიების მიუხედავად, Rammstein-ი ტურნეს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქალაქებში რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი. ჯგუფის თაყვანისმცემლები ლინდემანს უჭერს მხარს, ნაწილმა კი კონცერტებს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ყიდიან, მიუნხენში კი სტადიონთან, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო აქტივისტებმა მისი გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს.