მომღერალი ოლივია როდრიგო ორწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება. მუსიკოსი პირველ სიმღერას სახელად Vampire 30 ივნისს გამოუშვებს. როდრიგომ სიმღერა ინსტაგრამპოსტითა და თავისი შავ-თეთრი ფოტოთი დააანონსა. ჯერ არ ვიცით, ფოტო სიმღერის ქავერი იქნება თუ მთელი ალბომის.
ახალი ალბომის შესახებ მინიშნებები მუსიკოსმა აქამდეც რამდენჯერმე მოგვცა, როდესაც სელფი გამოაქვეყნა, რომლის უკანა ფონზეც თარიღი 30 ივნისი იყო მონიშნული. ხელოვანმა პირველი ალბომის 2 წლის თავზე ფანებს წერილიც გაუგზავნა, რომელშიც OR2 (Olivia Rodrigo 2) იყო მონიშნული. მის საიტზე 30 ივნისამდე დროის ათვლაც დაიწყო.
არტისტმა მეორე ალბომიც თავისი დებიუტის Sour-ის კოლაბორატორ დენ ნიგროსთან ერთად შექმნა. ოლივია ნიგროსთან ერთად მუსიკის შექმნაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პროდიუსერს ენდობა და მასთან ერთად სტუდიაში იდეების გაცვლა-გამოცვლა ძალიან უყვარს. როდრიგომ ცოტა ხნის წინ ვიდეოც დადო, სადაც ახალ სიმღერაზე მუშაობს. მომღერალმა ისიც აღნიშნა, რომ სიმღერებს ახლაც, ისევე, როგორც დებიუტისას, თავის საძინებელშიც წერს.
ოლივია როდრიგომ სახელი სიმღერით Driver's License გაითქვა, რომელიც ამერიკელი მომღერლის სადებიუტო ალბომში შედის. Spotify-ზე სინგლს მილიარდზე მეტი სტრიმი აქვს, რითაც პლატფორმაზე 100 ყველაზე მოსმენად სიმღერას შორისაა. ამასთან, კომპოზიცია 25 ქვეყნის ჩარტების სათავეშიც აღმოჩნდა.ოლივია როდრიგო წლის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, მისი ალბომიდან Sour სიმღერებს კი ტიკტოკიდან დაწყებული, მეგობრის ფლეილისტით დამთავრებული, ყველგან გადააწყდებოდით. მომღერალმა 2022 წელს გრემის სამი ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა.