ჯენიფერ ლოურენსი მზადაა, ქეთნისის როლი ხელახლა შეასრულოს

ჯენიფერ ლოურენსი მზადაა, ქეთნისის როლი ხელახლა შეასრულოს

მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც მაყურებელმა შიმშილის თამაშებიდან გაიცნო, ამბობს, რომ თუ ამის შანსი ექნება, ტრილოგიის ახალ ფილმში ქეთნისის როლს სიამოვნებით ითამაშებდა.

"ღმერთო, რა თქმა უნდა, მინდა. თუ არის შესაძლებელი, რომ ქეთნისი ჩემს ცხოვრებაში ოდესმე დაბრუნდეს, 100 პროცენტით", — ამბობს ოსკაროსანი მსახიობი.

ცნობილი დისტოპიური საგის ეკრანიზაცია 2012 წელს გამოვიდა და მაყურებლის გული მალევე დაიპყრო. 2023 წლის ნოემბერში შიმშილის თამაშები ახალი ფილმით ბრუნდება, რომელიც კვლავ ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინსის წიგნის მიხედვით იქნება გადაღებული. მას, ისევე, როგორც წინა ფილმებს, რეჟისორი ფრენსის ლოურენსი გადაიღებს.

ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე ბესტსელერად ქცეული ტრილოგიის ერთგვარი წინაისტორიაა, სადაც მოქმედება 74-ე შიმშილის თამაშებამდე ათწლეულებით ადრე ხდება, სიუჟეტი კი ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს გარშემო ვითარდება — პერსონაჟის, რომელიც, მოგვიანებით, პანემის ტირან მმართველად იქცევა.

შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც ავტორმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა კი ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.

ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე კოლინზმა 2020 წლის მაისში გამოსცა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად, წიგნი პირველივე კვირაში ნახევარ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. Lionsgate-მა კი რომანის ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ მის გამოცემამდე გამოთქვა.

ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე 17 ნოემბერს გამოვა.