ცნობილი ამერიკელი მსახიობი ელ ფენინგი იმ წინააღმდეგობებზე საუბრობს, რომელთაც თავისი კარიერის საწყის ეტაპზე წააწყდა. გამოცემა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ფენინგმა გაიხსენა, რომ 16 წლის ასაკში ერთ-ერთი კომედიური ფილმის ქასთინგზე მივიდა. თუმცა, ჯერ კიდევ არასრულწლოვან მსახიობს მაშინ "სექსუალურად არასასურველი" (უხეში ფორმით) უწოდეს და ამის გამო როლზეც დაიწუნეს.
"ეს ჩემი აგენტებისგან არც გამიგია, რადგან ასეთ რაღაცებს არ მეუბნებიან ხოლმე", — ამბობს ფენინგი, — "ალბათ უარესი კომენტარებიც ყოფილა, რომლებიც გაუფილტრავთ. თუმცა, ამ კომენტარმა ჩემამდე მაინც მოაღწია".
მსახიობი ამატებს, რომ დღეს შეუძლია, ამაზე გაიცინოს, თუმცა, კომენტარი მაინც "ძალიან ამაზრზენია".
ფენინგი, რომელიც ადრეულ ასაკშივე იქცა კინოვარსკვლავად, ამბობს, რომ "საზოგადოების თვალწინ გაზრდა" უცნაური გამოცდილება იყო.
"სადღაც 12 წლიდან პაპარაცების გადაღებულ ფოტოებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რამდენად კარგია, ამ ასაკში საკუთარი თავის ასეთ ანარეკლს ხედავდე-მეთქი", — ჰყვება მსახიობი, — "ვერ ვიტყვი, რომ ამან ზიანი მომაყენა, მაგრამ საკუთარი თავი ძალიან კარგად გამაცნო".
მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ "შესანიშნავი მენეჯერისა და აგენტის" წყალობით, ბავშვობაში ჰოლივუდში ძალიან დაცული იყო. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო თავდაჯერებულიც გახდა.
"ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვანია", — დასძენს ფენინგი, — "კარგა ხანი ვფიქრობდი, რომ პატარა ვარ და ხალხი არც მისმენს, რადგან ალბათ მეტი იციან-მეთქი. მაგრამ დგება მომენტი, როცა იაზრებ, რომ ამ საქმეს უკვე 20 წელია, აკეთებ".
თუმცა, ფენინგი ერთადერთი არაა, ვინც ჰოლივუდში სექსისტურ და მიზოგინიურ დამოკიდებულებზე ღიად საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ, ემილი რატაკოვსკიმ განაცხადა, რომ მსახიობობას თავს ანებებს და ჰოლივუდთან ურთიერთობასაც წყვეტს. რატაკოვსკიმ გადაწყვეტილების ახსნისას განაცხადა, რომ კინოინდუსტრიაში თავს "ხორცის ნაჭრად" გრძნობდა.