ჯასტინ ბიბერის მამას, რომელიც

ჯასტინ ბიბერის მამას, რომელიც "ოჯახების" დასაცავად ჰომოფობიური პოსტით გამოვიდა, მისი წარსული შეახსენეს

კანადელი პოპვარსკვლავის ჯასტინ ბიბერის მამა, ჯერემი ბიბერი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჰომოფობიური განცხადების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. როგორც იცით, ივნისში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პრაიდის თვეს აღნიშნავენ. ეს თვე ლგბტქ ადამიანების გაძლიერებას, მათ უფლებებსა და პრობლემებზე ხაზგასმას ისახავს მიზნად. თუმცა, ჯერემი ბიბერმა პრაიდის თვეს სხვა დანიშნულება "მოუძებნა".

"არ დაგავიწყდეთ, ამ თვეში თქვენი არსებობისთვის მადლობა გადაუხადოთ ჰეტეროსექსუალ ადამიანს", — დაწერა ჯერემიმ ტვიტერზე.

მოგვიანებით, მან ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი თაობა "დაუჯერებელ რაღაცებს განადიდებს", მაშინ, როცა საჭიროა, ოჯახის ინსტიტუტს დავუჭიროთ მხარი.

მართალია, ჯერემი ბიბერი "ოჯახის სიწმინდის" დასაცავად მგზნებარე სიტყვით გამოვიდა, მაგრამ ტვიტერზე მას მალევე შეახსენეს, რომ თავად საკუთარი ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა ჯასტინი მხოლოდ 4 წლის იყო.

"შეწყვიტე ჰომოფობობა იმ არგუმენტით, რომლითაც ვითომ 'ტრადიციულ ოჯახს' იცავ. ჯასტინისთვის კარგი მამა არც კი ყოფილხარ. ასე რომ, იქნებ მისთვის მიყენებულ ზიანზე გედარდა. რა ფარისევლობაა", — წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"შენ კი არ დაგავიწყდეს, საკუთარ შვილს უმადლოდე მთელ ქონებას, რაც კი გაქვს. სწორედ იმ შვილს, ბავშვობაში რომ მიატოვე", — პასუხობენ ჯერემის ტვიტერზე.