ცნობილ ამერიკელ რეპერს თუფაქ შაკურს გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ღონისძიებას მუსიკოსის და ესწრებოდა.
"მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა ჩემმა ძმამ 13 წლის ასაკში აპოლოს თეატრის სცენაზე დადგა ფეხი, მისი ოცნება იყო, აქ, დიდების ხეივანში, ვარსკვლავი ჰქონოდა", — განაცხადა სეკივა შაკურმა.
"დღეს ჩვენ ვარსკვლავით არა მხოლოდ მას ვაფასებთ, ვაფასებთ იმ შრომასაც და მონდომებასაც, რომელიც მან საკუთარი ოცნებების ასასრულებლად გაიღო. მისი ზეციური ვარსკვლავი კი დღეს კიდევ უფრო იკაშკაშებს. მან დღეს ისევ აგვავსო სიამაყის გრძნობით. გვიყვარხარ, თუფაქ".
მართალია, თუფაქი ნიუ-იორკში დაიბადა, მაგრამ მისი სახელი მაინც ლოს-ანჯელესთან ასოცირდება. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, რეპერმა რამდენიმე ფილმშიც ითამაშა. თუმცა, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილი ვარსკვლავი მას, როგორც მუსიკოსს, ეძღვნება.
მსოფლიოში გაყიდული 75 მილიონი ჩანაწერით თუფაქი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია. რეპერმა დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ თავისი თაობის მუსიკოსებზე, არამედ ახალი საუკუნის ამერიკულ კულტურაზეც. 2010 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა იგი ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ თუფაქი თავის შემოქმედებასაც და რეპუტაციასაც უთანასწორობასთან, განსაკუთრებით კი რასიზმთან, საბრძოლველად იყენებდა. ამდენად, მან სოციალური პროცესების განვითარებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.
1996 წელს თუფაქს ლას-ვეგასში ესროლეს. შემთხვევიდან ოთხ დღეში 25 წლის რეპერი გარდაიცვალა.