ოსკაროსანი ენტონი ჰოპკინსის თქმით, მარველის ფილმებში თამაშს აზრი არ აქვს. ფილმ თორის მსახიობი ამის მიზეზად სპეცეფექტებს ასახელებს, კერძოდ კი, მხოლოდ მწვანე ფონზე მუშაობას, რომელსაც მარველის კინოსამყაროს შესაქმნელად ძალიან ხშირად იყენებენ.
"აბჯარი ჩამაცვეს, წვერი დამიმაგრეს და ტახტზე დამსვეს. ცოტა იყვირეო, მითხრეს. როცა წინ მწვანე ფონის გარდა არაფერი გაქვს, სცენის გათამაშებას აზრი ეკარგება", — აღნიშნავს მსახიობი.
ის ასევე საუბრობს ე.წ. method acting ტექნიკაზეც, რომელსაც მსახიობები მაშინ მიმართავენ, როდესაც კონკრეტული როლისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. ამ დროს ისინი გადასაღებ მოედანს მიღმაც საკუთარი პერსონაჟის მსგავს გარემოში ცხოვრობენ, მის ხასიათსა და ჩვევებს ითავსებენ. ჰოპკინსი ამბობს, რომ მისი აზრით, მარველის ფილმების შემთხვევაში ეს ტექნიკაც უშედეგოა.
ამ კუთხით განსხვავებული გამოცდილება აქვს მსახიობ ჯარედ ლეტოს, რომელიც მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმ მორბიუსში მთავარ როლს ასრულებს. გადაღებებისას ლეტო სწორედ ამ ტექნიკით ხელმძღვანელობდა და როლიდან შესვენებების დროსაც კი არ გამოდიოდა.
მარველის ფილმებში თამაშის სირთულეებზე საუბრობს მსახიობი კრისტიან ბეილიც. მისი თქმით, თორში მონაწილეობისას სპეცეფექტებთან ერთად მუშაობის გამოცდილება, რაც მისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა და იმის ცნობაც კი უჭირდა, გადაღება რომელ სცენას იღებდნენ. ბეილი აღნიშნავს იმასაც, რომ მარველის ფილმში თამაშისას კლასიკური სამსახიობო ტექნიკები ვერ დაგეხმარება.