ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი ლიზო თავის გარეგნობასთან დაკავშირებულ ნეგატიურ კომენტარებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გრემის ოთხგზის გამარჯვებულმა მომღერალმა ტვიტერზე დაწერა, რომ კიბერბულინგის გამო "სამყარო სძულდება", თავად კი კარიერის დანებებაზე ეფიქრება.
"აპლიკაცია სულ ახლახან გავხსენი და, აი, ასეთ რაღაცას ჩემს შესახებ ყოველდღე ვნახულობ", — წერს ლიზო და სხვადასხვა კომენტარის სქრინშოტს აქვეყნებს, სადაც მის გარეგნობას განიხილავენ.
"ნეტავ რას ჭამს ასეთს?", — წერს ერთი. "ალბათ ბევრ ფასტ ფუდს", — პასუხობს მეორე. "მგონი, არც უნდა, რომ დაიკლოს. რომ უნდოდეს, დაიკლებდა კიდეც. ეს მისი საფირმო ნიშანია", — აღნიშნავს მესამე.
"წლების წინ შევეშვი ფასტ ფუდის ჭამას", — პასუხობს ლიზო, — "ძალიან დავიღალე ამის ახსნით და მხოლოდ ის მინდა, აქ [ტვიტერზე] ისე შემოვდიოდე, რომ ჩემს სახელს რაღაც *ლეობაში არ ვხედავდე.
"ჩემი სხეული ასე გამოიყურება მაშინაც, როცა ძალიან ჯანსაღად ვიკვებები და ვვარჯიშობ. თქვენ კი იმაზე ლაპარაკობთ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ".
მოგვიანებით, მუსიკოსმა ასევე დაწერა, რომ "ცოტაღა უკლია" კარიერის მიტოვებამდე.
"მძულს აქაურობა", — ამბობს ლიზო, — "არც კი იცით, რა ცოტა მიკლია, რომ ყველაზე ჩავიქნიო ხელი, [კარიერას] თავი დავანებო და ჩემს ფულთან და კაცთან ერთად სადმე ფერმაში მოვილხინო".
აღსანიშნავია, რომ ლიზო, შთამბეჭდავი მუსიკალური შემოქმედების გარდა, მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე თავისი პრინციპული პოზიციებითაც გამოირჩევა. იგი ხშირად საუბრობს სხეულის პოზიტიურად აღქმის მნიშვნელობაზე და აქტიურად უჭერს მხარს ქალების, ლგბტქ და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს.