"ბარბის" გადაღებებმა მსოფლიოში ვარდისფრის დეფიციტი გამოიწვია

ფილმ ბარბის გადაღებისას იმდენი ვარდისფერი დაიხარჯა, რომ მსოფლიოში ამ ფერის საღებავის დეფიციტი შეიქმნა. მართალია, დიზაინერებმა გადაღებების გასაგრძელებლად საკმარისი ვარდისფრის მომარაგება შეძლეს, თუმცა ბარბის ერთ-ერთი დიზაინერი, სარა გრინვუდი ამბობს, რომ ფილმის გადაღებებმა "მსოფლიოში ვარდისფერი ამოწურა". გრინვუდი თქმით, რადგან ბარბის სამყარო ფაქტობრივად სრულიად ვარდისფერია, ადამიანის ზომის "ბარბის ოცნების სახლის", გზების თუ უბრალო ქუჩის ლამპიონების შექმნისთვისაც კი, ვარდისფერი ფერის გამოყენება დასჭირდათ.

ბარბის საღებავების მომწოდებელი კომპანია როსკოს ვიცე-პრეზიდენტი, ლორენ ფრაუდი დეფიციტის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად პანდემიას ასახელებს და ამბობს, რომ კოვიდ 19-ის გამო ტეხასში შექმნილმა უამინდობამ ვარდისფერი ფერის მიღებისთვის აუცილებელი მასალები დააზიანა, რამაც საღებავის წარმოებას ხელი შეუშალა.

"მიუხედავად იმისა, რომ წარმოებისთვის აუცილებელი მასალების დეფიციტი შეიქმნა, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფილმი საკმარისი რაოდენობის ვარდისფერი საღებავით მოგვემარაგებინა, მათ ჩვენი მარაგი მთლიანად ამოწურეს", — აღნიშნავს ფრაუდი.

ფილმის რეჟისორი, გრეტა გერვიგი ვარდისფერი ფერის ამ დოზით გამოყენების მიზეზებზე საუბრობს. გერვიგი ამბობს, რომ კაშკაშა ვარდისფერი ფილმის ესთეტიკას ბარბისთვის დამახასიათებელ ბავშვურობას უნარჩუნებს.

"არ მინდოდა დამვიწყებოდა, რამ შემაყვარა ბარბი, როცა პატარა ვიყავი. გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი მყვირალა ვარდისფერი გამოგვეყენებინა, იმდენი, რომ მეტისმეტადაც კი მოგვჩვენებოდა", — ამატებს რეჟისორი.

გრეტა გერვიგის ახალი ფილმის პრემიერა 21 ივლისსაა დაგეგმილი, რომელშიც მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.