ტეილორ სვიფტმა რამდენიმე კვირის წინ ახალი საკონცერტო ტურნე წამოიწყო, რომელსაც მისი ფანები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ზოგიერთ ფანს მომღერლის კონცერტზე ყოფნისას ერთი სიმღერის გამოტოვებაც კი არ უნდა, ამიტომ საჭირო ოთახში გასვლაზე უარს ამბობს. უფრო მეტიც, მომღერლის ფანებმა გამოსავალი იპოვეს და კონცერტებზე ზრდასრულთა საფენებით წასვლა გადაწყვიტეს.
ზრდასრულთა საფენების შესახებ საუბარი ტიკტოკზე დაიწყო, როცა ერთ-ერთ ვიდეოში ტეილორ სვიფტის ფანმა სხვა გულშემატკივრებს რჩევები მისცა. რადგან ტეილორ სვიფტის კონცერტები ძირითადად სტადიონებზე იმართება, საჭირო ოთახში გასვლას და დაბრუნებას დიდი დრო სჭირდება, ამასობაში კი 1-2 სიმღერა შეიძლება გამოგრჩეს. სწორედ ამ პრობლემის ასარიდებლად ტიკტოკერმა ტეილორის სხვა ფანებსაც ურჩია, რომ მომღერლის კონცერტზე ზრდასრულთა საფენებით წასულიყვნენ.
როგორც კომენტარებიდან გაირკვა, ტეილორის ბევრი ფანისთვის ზრდასრულთა საფენები სიახლე სულაც არ ყოფილა და აღნიშნეს, რომ კონცერტებს ასე უკვე ესწრებოდნენ. ზოგი კი იმასაც ამბობდა, რომ ზრდასრულთა საფენი სრულიად შეუმჩნეველია, თუმცა საშუალებას გაძლევს სიმღერები არ გამოტოვო.
შეგახსენებთ, რომ ტურნეს ერთ-ერთი კონცერტზე ტეილორმა 44 სიმღერა შეასრულა, რასაც 3 საათზე მეტი დასჭირდა. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის რატომ ეძებენ მომღერლის ფანების სხვადასხვა გზებს იმისთვის, რომ ერთი სიმღერაც კი არ გამორჩეთ.