ცნობილმა ავსტრალიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა სიამ განაცხადა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. ამერიკელ პოდკასტერთან სტუმრობისას, მუსიკოსმა აღნიშნა, რომ დიაგნოზის დასმა მისთვის შვებისმომგვრელი აღმოჩნდა.
"45 წელი მაინც მქონდა ისეთი განცდა, რომ ჩემი ადამიანის კოსტიუმი უნდა ჩამეცვა ხოლმე", — ჰყვება სია, — "მხოლოდ ბოლო ორ წელში თუ მოვახერხე, ის ვყოფილიყავი, ვინც მართლა ვარ".
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ორიოდე წლის წინ, 2021-ში, სიას რეჟისორობით ფილმი Music გამოვიდა, რომელიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოზარდ გოგოზე და მის მეურვედ ქცეულ ნახევარდაზე მოგვითხრობს. მაშინ სია მწვავედ გააკრიტიკეს ნეიროატიპური თინეიჯერის როლზე ნეიროტიპური მსახიობის დამტკიცების გამო. კრიტიკა მოჰყვა ოქროს გლობუსის ნომინანტი ფილმის ცალკეულ სცენებსაც. სიამ განაცხადა, რომ ისტორია თავისი ნეიროატიპური მეგობრის გამოცდილებას ეფუძნებოდა. ამის მიუხედავად, მოგვიანებით მან მოიბოდიშა და დასძინა, რომ "არასწორი ადამიანების მოსმენისა" და "არასრულყოფილი მოკვლევის" გამო პასუხისმგებლობას იღებდა.
თუმცა, იმ დროს ჯერ კიდევ უცნობი იყო, რომ თავად პოპვარსკვლავიც ნეიროატიპურ ადამიანებს განეკუთვნება.