სახალხო დამცველის არჩევის საკითხი იყო ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც კონსენსუსზე დაფუძნებით უნდა განხორციელებულიყო. როდესაც საუბარია, რა გააკეთა მმართველმა პარტიამ დეპოლარიზაციის მიმართულებით, სახალხო დამცველის არჩევის კომპონენტშიც ნათლად ვლინდება, ჩვენ რა გავაკეთეთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ სახალხო დამცველმა ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერ ოპოზიციონერ დეპუტატებს იმისთვის, რომ გაუძლეს ზეწოლას, წნეხს და ბულინგს.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ მაშინ ოპოზიციონერ დეპუტატს და ამით ვაჩვენეთ ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპონენტებსა და პარტნიორებს, თუ რისთვის ვართ მზად, რომ არავითარი სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს. ამის ნაცვლად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა სახალხო დამცველს, რომელმაც ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერ ოპოზიციონერ დეპუტატებს იმისთვის, რომ გაუძლეს ზეწოლას, წნეხს და ბულინგს. ეს არის სახე რადიკალური ჯგუფებისა და მათი ქმედებების, იმის, თუ რას აკეთებდნენ ისინი 12 პუნქტის შესასრულებლად და დეპოლარიზაციის დასრულებისთვის.
12 პუნქტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი, რასაც უკავშირდება ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევა. აქაც აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი სახე, როდესაც მხარი არ დაუჭირეს კონკრეტულ კანდიდატებს. მათ არ აქვთ პასუხი, რატომ არ დაუჭირეს მხარი იმ კანდიდატებს, ვინც იყვნენ არჩეული. უწუნებენ მათ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, თუ კეთილსინდისიერებას? ჩვენ არ გვისაუბრია მათთან ულტიმატუმის ენით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით დეპოლარიზაციის მიმართულებით“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.