ცნობილი ირანელი მოდელი მაჰლაღა ჯაბერი კანის კინოფესტივალზე გაბედული და პოლიტიკური განცხადებით წარდგა. განცხადება კი უსიტყვო იყო — თავის ქვეყანაში სიკვდილით დასჯის მიმდინარე სერია ჯაბერიმ სამოსით გააპროტესტა. 33 წლის მოდელს წითელ ხალიჩაზე შავი კაბა ეცვა, ყელზე კი ყულფი ჰქონდა მოხვეული.
"გვინდოდა, კანის გლამურულობის შესაფერისი სამოსი წარგვედგინა, თუმცა, ბევრად მნიშვნელოვანი იყო, მედიის ყურადღება მიგვეპყრო ირანელი ხალხის გაუმართლებელ ხოცვაზე", — წერს ჯაბერი ინსტაგრამზე, — "სამწუხაროდ, კინოფესტივალზე პოლიტიკური განცხადებები აკრძალულია, ამიტომ, დაცვის სამსახურმა უფლება არ მომცა, კაბის უკანა მხარე მეჩვენებინა. თუმცა, ყულფის მნიშვნელობა ყველამ კარგად გაიგო".
მოგვიანებით, მოდელმა ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც უკვე კაბის ქვედა ნაწილიც ჩანს, წარწერით "შეაჩერეთ სიკვდილით დასჯა".
შარშანდელი საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიკვდილით დასჯის შემთხვევები. აპრილში ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გასულ წელს სიკვდილით 582 ადამიანი დასაჯა. ეს რიცხვი 2021 წლის მონაცემს 75%-ით აღემატება.
გასული წლის მონაცემებით, ირანი სიკვდილით დასჯის სტატისტიკით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. ამის გათვალისწინებით, ჯაბერის გაბედულ ნაბიჯს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"კიდევ ერთი გამბედავი ქალი", — დაწერა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ, — "იქნებ პოლიტიკაში ქალები რომ უმრავლესობაში იყვნენ, ომებიც აღარ მოხდეს?".