ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში თავისი ჩაცმის სტილის ცვლილებაზე კრიტიკას გამოეხმაურა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ "სთორიში" აილიშმა განაცხადა, რომ სხვების მხრიდან მუდმივი განსჯით დაიღალა.
"ჩემი კარიერის პირველი ხუთი წელი მიწასთან მასწორებდით 'ბიჭურად' ჩაცმის გამო და გამუდმებით მეუბნებოდით, რომ უფრო მიმზიდველი ვიქნებოდი, ქალივით თუ მოვიქცეოდი", — წერს მომღერალი, — "ახლა კი, როცა ოდნავ ფემინურ და ჩემი ზომის ტანსაცმელში თავს კომფორტულად ვგრძნობ, თურმე შევცვლილვარ და ტენდენციებს ავყოლივარ. [ჩემზე ამბობთ] რა დაემართა, თავის თავს აღარ ჰგავს, სხვებს დაემსგავსაო ბლა ბლა... თქვენ ნამდვილი იდიოტები ხართ.
"ორივენაირი შემიძლია ვიყო, თქვე რეგვენებო. ქალებს არსებობა აცალეთ", — ამატებს ბილი.
გრემის და ოსკარის მფლობელი ბილი აილიში, რომელმაც ვარსკვლავური კარიერა სულ რაღაც 15 წლის ასაკში დაიწყო, თავისი ჩაცმის სტილისა თუ სხეულის ფორმის გამო აქამდეც არაერთხელ განუსჯიათ. მეტიც, რამდენიმე წლის წინ თავად მომღერალმა გაამხილა, რომ თავისი სტილისთვის დამახასიათებელი დიდი ზომის სამოსის ჩაცმა ერთადერთი მიზეზით დაიწყო — საკუთარი სხეული სძულდა.
თუმცა, ახალგაზრდა მუსიკოსმა საზოგადოების დაწესებული სტანდარტები გაარღვია და მოგვიანებით სხეულის პოზიტიურად აღქმის შესახებ ვიდეოც გაავრცელა.
"სხეული, რომლითაც დავიბადე, ის არაა, რაც თქვენ გსურდათ? თუ ის მაცვია, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ, ხოლო თუ გავიხდი, მაშინ მეძავი ვარ", — ამბობს მომღერალი ვიდეოში.
ბილი აილიშის სხარტი პასუხი, როცა ახალ ფოტოზე მისი შერცხვენა სცადეს
ქალებისთვის შემზღუდველი სტანდარტების დაწესების ტენდენცია აილიშმა ცოტა ხნის წინანდელ ინსტაგრამსთორიშიც გააკრიტიკა.
"ფემინურობა სისუსტეს არ ნიშნავს", — დაამატა მან.