Pink Floyd-ის წევრ როჯერ უოტერსს ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ. ამის საფუძველი 17-18 მაისს ბერლინში გამართული კონცერტები გახდა, რომლის დროსაც მუსიკოსი ნაცისტ ოფიცრებთან ასოცირებული ტანსაცმლით გამოჩნდა. 79 წლის უოტერსს გრძელი შავი ქურთუკი ეცვა და წითელი სამკლავური ეკეთა, რომელზეც სვასტიკის ნაცვლად, გადაჯვარედინებული ჩაქუჩები იყო გამოსახული.
შოუს განმავლობაში მუსიკოსმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაც გაითამაშა და ეკრანებზე ანა ფრანკის სახელიც გამოჩნდა. საბოლოოდ, გერმანულმა პოლიციამ მუსიკოსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ნაცისტური სიმბოლიკა კანონით აკრძალულია — გამონაკლისი მხოლოდ სიმბოლიკის საგანმანათლებლო და სახელოვნებო მიზნებისთვის გამოყენებას ეხება.
"ტანსაცმელი ნაცისტური რეჟიმის სასტიკი და დესპოტური რეჟიმის მოწონებას, განდიდებას ან გამართლებას ხდის შესაძლებელს, რაც მსხვერპლთა ღირსებას შეურაცხყოფს და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს", — ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
ანტისემიტიზმის შესახებ ბრალდებებს თავად მუსიკოსმა სოციალურ ქსელებში უპასუხა. მისი თქმით, პოლიტიკური შეხედულებების გამო ებრძვიან და მთელი წარმოდგენა ფაშიზმის, უსამართლობისა და ფანატიზმის წინააღმდეგაა მიმართული.
"ფაშისტი დემაგოგის პორტრეტი 1980 წლიდან, Pink Floyd-ის The Wall-ის გამოსვლიდან ჩემი შოუების ნაწილია. მთელი ჩემი ცხოვრება ავტორიტარიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ხმის ამაღლებაში გავატარე...ჩემი მშობლები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს ებრძოდნენ, რაც მამაჩემს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჩემ წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, უსამართლობისა და მათი ჩამდენების კრიტიკას გავაგრძელებ", — ვკითხულობთ მუსიკოსის განცხადებაში.
უოტერსს აღნიშნული სამოსი Pink Floyd-ის ალბომის, The Wall-ის, შესრულებისას ეცვა. 1982 წლის ფილმ The Wall-ში, რომელიც ჯგუფის ალბომის შთაგონებითაა გადაღებული, პროტაგონისტს ჰალუცინაცია აქვს, თითქოს ფაშისტთა მარშს მიუძღვება.
გამოძიების დაწყების გარდა, უოტერსის შოუს უკმაყოფილება თავად საზოგადოების მხრიდანაც მოჰყვა. სხვადასხვა გერმანულ ქალაქში, ანტისემიტიზმის ბრალდების საფუძველზე კონცერტის გაუქმება მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
მუსიკოსი ახლო წარსულში გერმანიის გარდა, უკრაინაშიც გააკრიტიკეს პრორუსული განცხადებების გამო. მუსიკოსმა უკრაინის პირველ ლედის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ "ექსტრემისტმა ნაციონალისტებმა ქვეყანა კატასტროფულ ომამდე მიიყვანეს". თებერვალში გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა ომი იმიტომ დაიწყო, რომ უკრაინამ გამოიწვია.