სალომე ზურაბიშვილი: შს მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ოჯახი, რომელიც ყვარელში ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ეს საზოგადოების გამარჯვებაა

სალომე ზურაბიშვილი: შს მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ოჯახი, რომელიც ყვარელში ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ეს საზოგადოების გამარჯვებაა

პირობა მივიღე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა.

„ვიცი, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება ძალიან აღელვებულია და შეიძლება ვთქვა, რომ მეც. ვუახლოვდებით 26 მაისს და 26 მაისს თუ ვაპირებთ, რომ რაღაც მაღალფარდოვანი, პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს სულ სხვა რამე ხდებოდეს ქვეყანაში, ეს არის სასაცილო, თუ არა – სატირალი. მაგრამ საზოგადოებას მე მინდა, ვუთხრა, რომ ამაზე პასუხი არც სასოწარკვეთილება არის და არც უიმედობა.

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ამ დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა. მაგრამ ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ხელისუფლებას, რომ „არ შეიძლება, ასე აღიზიანებდეს ხალხს“.

„მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება, ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს. არ შეიძლება, ასე აღიზიანებდეთ ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან, გვიხსნიან, რამდენად გახარებული არიან იმით, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება მას, არავისგან და, პირველ რიგში, არა იმ ქვეყნისგან, რომელიც არის ჩვენი მუდმივი ოკუპანტი. არა დღეს, გუშინ, გუშინწინ. არ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ ამ სიტუაციაში, რომელიც არის ძალიან დაძაბული იმ ომიდან გამომდინარე, რაც დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესია, არ შეიძლება ამ პირობებში ითამაშოს ხალხის ნერვებზე. ამ ქვეყანას, ამ ხალხს გავლილი აქვს უკვე ყველაფერი და ჩვენ კარგად ვიცით ყველაფერი. ამ ხალხს უნდა გაფრთხილება და დაცვა.

ყველას გვაქვს ჩვენი ნაწილი ვალდებულება, საზოგადოება ყველაფერს აკეთებს და, როგორც ვთქვი, საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია. მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, ყოველთვის ვთქვა ის სიტყვა, რაც მე დამრჩენია, ის სიტყვა გამოვიყენო ყველგან, სადაც საჭიროა. დღეს – აქ, ხვალ – ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება, რათა ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას აქვს თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, პირველ რიგში, ის, რომ საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით, ვინ შემოვიდა?! რას ნიშნავს, სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც არის უშუალოდ პუტინის წრე, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?! გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები და სანქცირებული რუსები, როგორც უნდათ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, საჩქაროდ შემოიტანონ – ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები – ის სიები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, რომელი პირებიც არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს არის მინიმუმი, დაცვა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც არის თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშ და საჭიროა, იყოს უფრო მეტად დაცული, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ასე რომ, ეს ევალება ხელისუფლებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.