ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი კარიერის ადრეულ ეტაპზე განცდილ ზეწოლაზე საუბრობს. ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში საირუსმა ღიად ისაუბრა, როგორ უწევდა "სირცხვილის" ტარება იმ გამოხმაურების გამო, რომელიც მის გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდა ხოლმე. მომღერლის თქმით, დღეს უკვე იაზრებს, რამდენად ცუდად ექცეოდნენ მაშინ სხვები.
"ჩემი გამოწვეული დავისა და უსიამოვნების გამო დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა წლების განმავლობაში მაწუხებდა", — აღნიშნავს მუსიკოსი, — "ბავშვობაში უფროსები მკაცრად განმსჯიდნენ. დღეს კი, როგორც ზრდასრული, ვხვდები, რომ მე ასე ბავშვს არასდროს მოვექცევი".
"დავასა და უსიამოვნებაში" საირუსი თავისი პოპულარობის დასაწყისს გულისხმობს, როცა მის ქცევას საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მწვავე კრიტიკა მოჰყვებოდა ხოლმე. ასე მოხდა, მაგალითად, მაშინაც, როცა მომღერალმა თავის ერთ-ერთ ჰიტზე Wrecking Ball გადაღებული ვიდეოკლიპი გამოუშვა.
"ყურადღების მიქცევა მსურდა, რადგან ვცდილობდი, მანამდე ნათამაშებ როლს გავმიჯნოდი", — ჰყვება საირუსი, — "20-21 წლის ასაკში უფრო მეტი რამ გაქვს დასამტკიცებელი; 'მე ჩემი მშობლები არ ვარ. მე ვარ ის, ვინც ვარ' [...] რა თქმა უნდა, 20 წლის ასაკის ყველა ადამიანის მსგავსად თავი ზრდასრული მეგონა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ სულ მთლად ბავშვი გახლდით".
პოპვარსკვლავის თქმით, გამოვლილ სირთულეებს შეეხება მისი მომავალი სიმღერაც. სიმღერის ტექსტიდან მცირე ნაწყვეტი საირუსმა ზემოხსენებულ ინტერვიუში გაამჟღავნა.
"ვიცი, რომ გადარეული ვიყავი. ვიცი, რომ მხიარული ვიყავი. მეუბნები, ველური იყავიო, მე კი ვამბობ, რომ ახალგაზრდა ვიყავი".
აღსანიშნავია, რომ მაილი საირუსმა იანვარში სიმღერა Flowers გამოუშვა, რომელიც წლის ჰიტად იქცა. სიმღერამ, რომელიც მომღერლის ყოფილ პარტნიორთან, ლიამ ჰემსვორტთან, ურთიერთობას შეეხება, რეკორდი რეკორდზე მოხსნა — სპოტიფაიზე გახდა ყველაზე პოპულარული ახალი სიმღერა გამოშვებიდან პირველ და მეორე კვირას, მოგვიანებით კი ასევე იქცა სიმღერად, რომელმაც პლატფორმაზე ყველაზე სწრაფად მოაგროვა 1 მილიარდი სტრიმი.