„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთიდან საქართველოში, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შემდეგ განხორციელებულ პირველ ფრენას გამოეხმაურა.
„ჩვენი პოზიცია ნათელია ამასთან დაკავშირებით. სანქციებს არ ვაწესებთ, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო რუსეთის ფედერაციამ და შესაბამისად, შესრულდა ფრენები. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ეს არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც დაიღუპნენ ჩვენი გმირები, 500 ადამიანი შეეწირა რუსეთ-საქართველოს ომს, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად, მაშინ ისინი [ოპოზიცია] საუბრობდნენ რუსეთთან დაახლოების მნიშვნელობაზე. ამაზე საუბრობდა პირადად ხოშტარია, ამაზე საუბრობდა სააკაშვილი, ამაზე საუბრობდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო და ა.შ. მაშინ ისინი საუბრობდნენ რუსეთთან დაახლოების მნიშვნელობაზე, როდესაც ახალი დასრულებული იყო რუსეთ-საქართველოს ომი და დაღუპული გვყავდა 500 ადამიანი უშუალოდ ამ ომში და 30 ათასი ადამიანი როდესაც იქცა დევნილად. მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ფრენების აღდგენა არის უმძიმესი მოვლენა, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც საუბრობდა უმძიმეს დღეზე, თვითონ იღებს საკუთარ სახლში რუს მდგმურს, არის ხოშტარია, რომელიც რუსეთის ხაზინიდან იღებს პირდაპირ რუსულ რუბლებს, ეს რატომღაც არ არის მათთვის დისკომფორტის შემცველი, თუმცა ისინი დღეს საუბრობენ იმაზე, რომ არის უმძიმესი დღე, შესრულდა პირველი ფრენა და ა.შ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი ფაქტებით და მეტი არაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.