გიორგი ვაშაძე: ძალიან მარტივია ტესტი, რომელიც დღეს ამ დარბაზში ყველამ უნდა ჩავაბაროთ - ღმერთმა და ხალხმა იცის, რომ ჩვენ „ქოლ-ცენტრების“ საქმეში დასამალი არაფერი გვაქვს

გიორგი ვაშაძე: ძალიან მარტივია ტესტი, რომელიც დღეს ამ დარბაზში ყველამ უნდა ჩავაბაროთ - ღმერთმა და ხალხმა იცის, რომ ჩვენ „ქოლ-ცენტრების“ საქმეში დასამალი არაფერი გვაქვს

ვინც მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ნიშნავს, რომ დასამალი არაფერი არ აქვს, ვინც უარს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ დასამალი აქვს, რაღაცას ხელს აფარებს, რაღაც დანაშაული იცის, რომელთანაც ან თვითონ აქვს კავშირი, ან დაავალეს, რომ ხელი დააფაროს დანაშაულს - ძალიან მარტივია ტესტი, რომელიც დღეს ამ დარბაზში ყველამ უნდა ჩავაბაროთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობენ.მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„ძალიან მარტივია საკითხი - ვისაც არაფერი არ აქვს დასამალი, მას საგამოძიებო კომისიის არ ეშინია, ვისაც დასამალი აქვს, მას საგამოძიებო კომისიის ეშინია, რადგან სამსჯავროზე გამოვა ყველაფერი. „ქართული ოცნებაც“ იქნება წარმოდგენილი ამ საგამოძიებო კომისიაში, პროცედურა ასეთია და შესაბამისად, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დავუჭერთ საგამოძიებო კომისიას, რადგან ღმერთმა იცის და ხალხმა იცის, რომ ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს ამ საქმეში.

ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ის საგამოძიებო კომისიას მხარს დაუჭერს და დღევანდელი ტესტი პარლამენტის თითოეული წევრისთვის, ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის იქნება. მას, ვინც მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ნიშნავს, რომ დასამალი არაფერი არ აქვს, ვინც უარს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ დასამალი აქვს, რაღაცას ხელს აფარებს, რაღაც დანაშაული იცის, რომელთანაც ან თვითონ აქვს კავშირი, ან დაავალეს, რომ ხელი დააფაროს დანაშაულს. ძალიან მარტივია ტესტი, რომელიც დღეს ამ დარბაზში ყველამ უნდა ჩავაბაროთ. ამით პასუხი გაეცემა ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა რუსეთთან ფრენების აღდგენას და აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან გადაჯაჭვა მიზანმიმართულად ხდება.

„მართლაც უმძიმესი დღეა, დღეს პირველი რეისი შესრულდა რუსეთიდან თბილისის მიმართულებით. 26 მაისი მოდის, დამოუკიდებლობის დღე და ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, რეალური დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ არსებობს და სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება რუსეთთან გადაჯაჭვა საქართველოსი, მაგრამ როგორც რუსული კანონის გაწვევა მოუწიათ პარლამენტიდან, ასე მოხდება ამ ფრენებთან დაკავშირებითაც. ხალხი ხმას აიმაღლებს“, - განაცხადა ვაშაძემ.