ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა რამდენიმე კვირის წინ ახალი საკონცერტო ტურნე წამოიწყო. ფილადელფიაში, ტურნეს ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ შოუზე, მუსიკოსის ქმედებამ კი რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თავისი ერთ-ერთი ჰიტის Bad Blood შესრულებისას, სვიფტმა შენიშნა, რომ ფანსა და ღონისძიების დაცვას შორის სიტუაცია დაიძაბა. პოპვარსკვლავი სიმღერის შეუწყვეტლად ჩაერია და დაცვას მოუწოდა, გაჩერებულიყო.
მართალია, ტეილორის საქციელმა ინტერნეტმომხმარებლების მოწონება დაიმსახურა, მაგრამ მაინც გაურკვეველი რჩებოდა, რა მოხდა დაცვასა და ფანს შორის. თუმცა, სულ ახლახან, მომღერლის გულშემატკივარი, სახელად კელი, მომხდარს თავად გამოეხმაურა ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოთი.
კელის თქმით, დაცვა მთელი საღამო აწუხებდა ფანებს და გამუდმებით ეუბნებოდა, რომ მოაჯირს არ მიახლოებოდნენ.
"როგორც კი რაღაცას გავაკეთებდით, ჩვენს გაკონტროლებას ცდილობდა", — ჰყვება კელი, — "ტეილორმა შენიშნა, რომ მხიარულებას არ გვაცდიდა და ეს არ მოეწონა".
ფანი ამატებს, რომ კაცი, საბოლოოდ, ღონისძიებიდან გაიყვანეს, ტეილორის გუნდმა კი მათ კიდევ ერთ შოუზე დასასწრები ბილეთები შესთავაზა.
მოგვიანებით, კონცერტზე მიმავალმა კელიმ პოპვარსკვლავს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მათი დაცვისთვის.
"მთელი გულით მსურს, ტეილორს მადლობა ვუთხრა", — ამბობს კელი, რომელიც სვიფტის კონცერტს უკვე მეცამეტედ დაესწრო, — "ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ იმ საღამოს გამომექომაგე. დანამდვილებით ვიცი, რომ გინდა, შენმა გულშემატკივრებმა კონცერტზე კარგი დრო გაატარონ და ჩვენც ზუსტად ამას ვცდილობდით".