2012 წელთან პარალელების გავლება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ან პოლიტიკური უმეცრებაა, ან მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩამოყალიბებულია, რუსეთი რას აკეთებს უკრაინაში და როგორ სამხედრო დანაშაულებს სჩადის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, პასუხისმგებლობის გადატანა მხოლოდ რუსეთზე არ გამოვა.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ფრთხილ, მოზომილ და დიპლომატიური განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ამ დიპლომატიურ განცხადებებს აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხიც. პასუხისმგებლობის მხოლოდ რუსეთის მხარეზე გადატანა არ გამოვა, რადგან თანხმობის გაცემა იმ კომპანიებზე, რომლებიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს არღვევენ, ასევე იმ კომპანიებზე, რომლებზეც საერთაშორისო სანქციებია დაწესებული, ბუნებრივია, ეს არის ქართული ხელისუფლების გადაწყვეტილება და ამ პასუხისმგებლობის გადატანა მარტო რუსეთზე არ გამოვა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.