ლეგენდარული კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის, გარდაცვალებიდან თითქმის მთელი ათწლეული გავიდა. ავტორის შემოქმედება პოპულარობას ახალ თაობებშიც არ კარგავს, თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოს მარკესის ყველა ტექსტი ჯერ არ გაუცნია.
წლების განმავლობაში იყო მითქმა-მოთქმა, რომ კოლუმბიელი ავტორის აქამდე გამოუქვეყნებელი რომანი საიმედოდ ინახებოდა მარკესის ოჯახში ან ტეხასის უნივერსიტეტის არქივში. ეს მოარული ხმები, საბოლოოდ, გამომცემლობა Penguin Random House-მა დაადასტურა ცოტა ხნის წინ — გაბოს ახალი, აქამდე უცნობი რომანი, En Agosto Nos Vemos ("აგვისტოში შევხვდებით"), ლათინურ ამერიკაში 2024 წელს გამოიცემა.
"მწერლის შვილები წინათ წინააღმდეგნი იყვნენ, ნაწარმოები გამოცემულიყო, თუმცა, ხელნაწერის წაკითხვის შემდეგ, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალეს", — აცხადებს გაბოს ფონდი ხელმძღვანელი ხაიმე აბელიო.
მარკესის შვილების, როდრიგოსა და გონსალოს აზრით, წიგნი მეტისმეტად ძვირფასია იმისთვის, რომ დღის სინათლე ვერ იხილოს. მათი თქმით, რომანში ასახულია ავტორისეული ხელწერა: "შემოქმედებითობა, პოეტური ენა, ჩამთრევი თხრობა, ადამიანის შეცნობისა და გაგების უნარი, განსაკუთრებით შეყვარებული ადამიანისა, რომელიც ალბათ მისი ნაწარმოებების მთავარი თემაა".
უცნობი რომანის შესახებ ხმები ჯერ კიდევ ავტორის სიცოცხლეში, 1999 წელს დაირხა, როცა მარკესმა ლიტერატურულ ჟურნალში შუახნის ასაკის ქალის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოთხრობა გამოაქვეყნა. მკითხველებმა მიიჩნიეს, რომ ეს მწერლის მომავალი წიგნის პირველი თავი უნდა ყოფილიყო.
ასეც აღმოჩნდა — მოთხრობის მოქმედი პირი ანა მაგდალენა ახალი რომანის მთავარი გმირიც გახლავთ. რომანი კი, რომელიც, დაახლოებით, 150-გვერდიანი იქნება, ხუთ ნაწილს აერთიანებს.
გაბრიელ გარსია მარკესი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანურენოვანი მწერალი და მე-20 საუკუნის ლიტერატურის გავლენიანი ფიგურაა. ავტორის მაგნუმ ოპუსად 1967 წელს გამოცემული რომანი მარტოობის ასი წელიწადი მიიჩნევა, რომელიც მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.
"ორი კოლუმბიური კულტურა არსებობს: მარკესამდელი და მარკესის შემდგომი", — ამბობს პროფესორი არიელ კასტილიო.