კატი პირის გამოსვლის ქართული თარგმანი მოვისმინე. არ მგონია, რომ ეს ზუსტი თარგმანი იყოს. არ მგონია, ევროპელი სოციალისტების ვიცე-პრეზიდენტს ეთქვა, რომ კონსერვატორების ადგილი ევროპაში არ არის, რადგან ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, ხელისუფლებაში არიან კონსერვატორები, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვერავინ იტყვის, რომ იტალიის ადგილი ევროპაში არ არის.
„ამ შემთხვევაში, შეიძლება უზუსტო თარგმანთან გვაქვს საქმე, რომელიც „ფორმულამ" გაავრცელა, ან სხვა რამ არის ნაგულისხმები. შესაბამისად, სანამ ინგლისურ, ორიგინალურ ვერსიას არ გავეცნობით, მანამდე რთული იქნება კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად, კონსერვატიული ფასეულობები ევროპისთვის მიუღებელია, ეს სიმართლე არ არის. თუ კონსერვატიულ ფასეულობებში ვგულისხმობთ ოჯახურ ტრადიციებს, ქრისტიანულ ტრადიციებს, ამაზე დგას ევროპა და ამის ირგვლივ არის ჩამოყალიბებული ევროპული კულტურა. საქართველოს ხელისუფლება მიმართული იყო იმისკენ, რომ საყოველთაო კეთილდღეობა დამყარებულიყო ქვეყანაში და ჩვენი სოციალური პაკეტი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ზუსტად ამ სოციალურ ფილოსოფიაში ჯდება. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ტელევიზიებით ვესაუბროთ, საჭიროა ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს მათთვის მიუღებელი. არ მგონია, რომ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა ვინმესთვის მიუღებელი იყოს, მით უმეტეს იმ კონფერენციაზე, სადაც ამერიკის ბოლო რამდენიმე ყველაზე ცნობილი და წარმატებული პრეზიდენტი გამოდიოდა. ამ მხრივ, ვერ ვხედავ წინააღმდეგობას დასავლურ ფასეულობებსა და კონფერენციას შორის“, - განაცხადა სამხარაძემ.