კრუტუნი კატებისათვის დამახასიათებელი ქცევაა, რომელსაც სხვა კატის მაგვარი ცხოველებიც მიმართავენ, მათ შორის: პუმები, ავაზები და მანგუსტები. ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, იგი რეფლექსურია, როგორც სუნთქვა.
ფისოები ყველაზე ხშირად მაშინ კრუტუნებენ, როდესაც თავს კარგად გრძნობენ და ბედნიერები არიან, თუმცა ამას სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს.
კნუტების შემთხვევაში, მაგალითად, კრუტუნი დედასთან ახლოს ყოფნის ერთგვარი გზაა. დაბადებისას მათ არც რამის დანახვა შეუძლიათ და არც გაგონება, ამიტომ დედას ამ ხმის გამოცემით აგნებენ და ისიც საპასუხოდ კრუტუნებს. კნუტები ამ ხმებს მაშინაც გამოსცემენ, როცა დედა უვლით. ზოგჯერ ეს კატასა და თავის კნუტებს შორის კავშირს უწყობს ხელს.
როდესაც კნუტები უკვე იზრდებიან, კრუტუნს ისინი ერთმანეთის ვარცხნის, დასვენების, ჭამის და მარტო ყოფნის დროს მიმართავენ. შინაური კატები ამ ხმას ნაცნობი ადამიანებისა თუ ძაღლების გარემოცვაშიც გამოსცემენ.
მართალია, კრუტუნი რეფლექსურადაა მიჩნეული, თუმცა, შესაძლოა, კატებმა ეს ქცევა განზრახაც გამოიყენონ სასურველი რამის მისაღებად — კვლევის მიხედვით, არსებობს კრუტუნის ერთ-ერთი სპეციფიკური ფორმა, "მოთხოვნის კრუტუნი", რომელსაც ფისოები საკვების მოთხოვნისა თუ საწოლიდან პატრონის ასაყენებლად მიმართავენ.
საგულისხმოა, რომ ფისოები არამარტო ბედნიერების, არამედ სტრესის შედეგადაც კრუტუნებენ. ამ ხმებს დაშავებული კატებიც გამოსცემენ. ეს მათ, სავარაუდოდ, ავადმყოფობასთან, შიშთან თუ ტკივილთან გამკლავებაში ეხმარება.
ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ფიქრობს, რომ ეს ქცევა, შესაძლოა, მათ განკურნებაშიც ეხმარებოდეს — კვლევის თანახმად, კრუტუნის სიხშირე იმის ანალოგიურია, რომელსაც ადამიანებში ძვლების ზრდისა და კუნთების ტკივილის დროს იყენებენ. გასათვალისწინებელია, რომ ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მყარი არგუმენტები ჯერჯერობით ნაკლებად გვაქვს ხელთ.
საბოლოო ჯამში, გამომწვევი მიზეზი მართლაც ბევრი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, იმის გასაგებად, თუ რატომ კრუტუნებს თქვენი კატა, მის სხეულის ენას უნდა დააკვირდეთ და კონტექსტი გაითვალისწინოთ — თუ ფისო ბედნიერი და მოდუნებული ჩანს, დიდი ალბათობით, კრუტუნს თქვენთან ყოფნით გამოწვეული სიამოვნება იწვევს და არა რაიმე პრობლემა.