კომპანია Space Perspective-ის დამფუძნებელი ჯეინ ფოინთერის თქმით, მისი კომპანია იქნება პირველი, რომელიც ადამიანებს კოსმოსში დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს.
"უკვე გვყავს რამდენიმე წყვილი, რომლებსაც სურთ, პირველები დაქორწინდნენ კოსმოსში. ჰოდა, ვნახოთ, ვინ დაასწრებს", — განაცხადა მან.
ცერემონია, დიდი ალბათობით, კომპანიის ისტორიულ ხომალდზე, Neptune-ზე, გაიმართება.
"კოსმოსური ხომალდი ნეპტუნი შეიქმნა იმისათვის, რომ ყოფილიყო ყველაზე ხელმისაწვდომი, მდგრადი და უსაფრთხო კოსმოსური ხომალდი პლანეტა დედამიწაზე თუ მის მიღმა. ის მოიცავს SpaceBalloon-ს, Reserve Descent System-სა და Neptune Capsule-ს", — აღნიშნულია კომპანიის ვებსაიტზე. "განსხვავებით ყველა სხვა კოსმოსური ხომალდისგან, რომლების ფრენის დროსაც ეკიპაჟის განყოფილება გამოეყოფა ერთი ფრენის სისტემიდან და გადადის სხვა ფრენის სისტემაში, კოსმოსური ხომალდი ნეპტუნის კაფსული დაცულია SpaceBalloon-ზე მთელი ფრენის განმავლობაში, აფრენიდან დაშვებამდე, რაც ქმნის შეუფერხებელ, უსაფრთხო და ნაზ ფრენის გამოცდილებას."
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ხომალდის ასამუშავებლად ეკომეგობრული გამოსავალი შეიმუშავა, კერძოდ: ხომალდს ენერგია მიეწოდება განახლებადი წყალბადის საშუალებით და არ ტოვებს ნახშირორჟანგს.
ხომალდი ზევით გატყორცნის ნაცვლად, ჰაერში ნელ-ნელა, დაახლოებით, 20 კმ/სთ სიჩქარით, იწევა.
ასევე, ფრენის პირველადი სისტემის გარდა, ნეპტუნი აღჭურვილია სარეზერვო სისტემითაც: 4 პარაშუტით, რომელიც მდებარეობს კაფსულსა და SpaceBalloon-ს შორის. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, პარაშუტები უზრუნველყოფს ხომალდის უსაფრთხო დაშვებას. კომპანიის მიხედვით, კოსმოსური სააგენტოები ათწლეულების მანძილზე, 100%-იანი წარმატებით იყენებდნენ ამგვარ პარაშუტებს.
Space Perspective დაარსებულია Biosphere 2-ის ეკიპაჟის ორი ყოფილი წევრის მიერ. კომპანიას სურს, კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს, რადგან, დამფუძნებლებს სჯერათ, რომ დედამიწის კოსმოსიდან დანახვა რადიკალურად შეცვლის ჩვენს აღქმას სამყაროსა და მასში ჩვენი ადგილის შესახებ.