როგორც ალბათ უკვე იცით, ცნობილი ამერიკელი ტელევარსკვლავი და ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი სერიალ American Horror Story-ის ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას. საშინელებათა ჟანრის გახმაურებული შოუს რიგით მე-12 სეზონში კიმი მთავარ როლს შეასრულებს, რომელიც საგანგებოდ მისთვის შეიქმნა.
მართალია, ამ ამბავზე ჯერჯერობით ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა, წლევანდელ მეთ გალაზე კიმმა რაღაც დეტალები მაინც გაგვიმხილა. მისი თქმით, AHS-ის ახალი სეზონის გადაღებებში მაისის ბოლოდან ჩაერთვება, თუმცა, მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო.
"ძალიან მიხარია", — ამბობს კარდაშიანი, — "კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რაღაც ახლის ცდა და გაზრდა, მართლა სახალისოა".
შეკითხვაზე, გადაღებებისთვის მოსამზადებლად გადის თუ არა სამსახიობო გაკვეთილებს, კიმმა დადებითი პასუხი გასცა და დასძინა, ეს ჩემთვის გამოწვევააო.
კარდაშიანთან ერთად, მერფის სერიალის ახალ სეზონშიც ვიხილავთ ემა რობერტსს. სეზონის სახელწოდება ამჯერად Delicate ("დახვეწილი") იქნება და ის დანიელ ვალენტინის ჯერ კიდევ გამოუცემელ წიგნს დაეფუძნება. ჰელი ფაიფერი კი, რომელსაც პროექტზე აქამდეც უმუშავია, სერიების სცენარის ავტორისა და შემქმნელის როლს მოირგებს.
კიმ კარდაშიანს, მართალია, აქამდეც უთამაშია ფილმებში, თუმცა, წამყვანი როლი ჯერ არ ჰქონია. ამის მიუხედავად, ტელემაყურებლებში პოპულარობის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის — მეტიც, იგი თანამედროვე პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა. კიმის ოჯახის რეალითი შოუს, Keeping up with the Kardashians, 20 სეზონის განმავლობაში მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს. გადაცემა 14-წლიანი ისტორიის შემდეგ 2021 წელს დასრულდა, თუმცა, 2022 წელს ოჯახი ახალი რეალითი შოუთი — The Kardashians — დაბრუნდა Hulu-ზე. შოუს მესამე სეზონის პრემიერა 25 მაისს შედგება.