ენდრიუ გარფილდი რეჟისორ სებასტიან ლელიოს ახალ ბიოგრაფიულ ფილმში ცნობილი ასტრონომის, კარლ სეიგანის როლს შეასრულებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმი სახელწოდებით Voyagers („მოგზაურები“) სეიგანისა და მისი ცოლის, პროდიუსერ ენ დრაიენის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც დეიზი ედგარ-ჯონსი შეასრულებს. ფილმის მოვლენები 1977 წელს განვითარდება, როდესაც NASA ზონდების „ვოიაჯერი 1“ და „ვოიაჯერი 2“ გაშვებისთვის ემზადებოდა.
სურათის სცენარი ლელიომ ჯესიკა გოლდბერგთან ერთად დაწერა. ფილმის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
კარლ სეიგანი ამერიკელი ასტრონომი, ასტროფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი იყო. მისმა კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ვენერას ზედაპირზე მაღალი ტემპერატურის არსებობის აღმოჩენას, თუმცა ყველაზე მეტად ცნობილია კვლევებით ასტრობიოლოგიაში.
სეიგანმა სახელი გაითქვა პოპულარული სამეცნიერო წიგნებითა და მინი-სერიალით „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა“. ის ასევე სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის რომანის „კონტაქტი“ ავტორია, რომლის მიხედვითაც 1997 ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.