ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ედ შირანის სასამართლო პროცესი გაიმართა. მომღერალს მარვინ გეის სიმღერის, Let’s Get It On-ის, პლაგიატში სდებენ ბრალს. სარჩელის მიხედვით, ედ შირანის Thinking Out Loud-სა და მარვინ გეის 1973 წლის ჰიტს, Let’s Get It On-ს, შორის საოცარი მსგავსებაა და აშკარაა, რომ სიმღერებს საერთო ელემენტები აქვთ.
ახლახან მიცემულ ინტერვიუში ედ შირანმა განაცხადა, რომ სასამართლოს წაგების შემთხვევაში მუსიკალურ კარიერას დაასრულებს. "თუ Thinking Out Loud-ის საავტორო უფლებების შესახებ სასამართლოს წავაგებ, მუსიკას შევეშვები და გავჩერდები. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან შეურაცხმყოფელია. ძალიან ბევრ ვმუშაობ იმისთვის, რომ იქ ვიყო, სადაც ვარ", — განაცხადა ედ შირანმა.
სასამართლო პროცესზე ედ შირანმა უარყო, რომ Thinking Out Loud-ის შექმნისას მასზე გავლენა მარვინ გეის 1973 წლის ჰიტმა, Let’s Get It On-მა იქონია. ედ შირანმა სიმღერის დაწერის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დროს ბრიტანეთში მეგობრებთან იმყოფებოდა. სიმღერის სათაური თავიდან I'm singing out now (მე ახლა ვმღერი) იყო, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ედ შირანმა განაცხადა, რომ ინსპირაციას ცხოვრებისგან და ოჯახისგან ხშირად იღებს.
მარვინ გეის წარმომადგენლები ედ შირანისგან საავტორო უფლებების დარღვევის გამო კომპენსაციას ითხოვენ. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ საავტორო უფლებების შესახებ ედ შირანისთვის ეს პირველი სასამართლო დავა არ არის. გასულ წელს ედ შირანს Shape of You-ს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით უჩიოდნენ, თუმცა მომღერალმა სასამართლო დავა მოიგო.