კიანუ რივზის როკ-ჯგუფი Dogstar-ი ახალ მუსიკას 2023 წლის ზაფხულში გამოუშვებს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
„ამ ზაფხულში ახალ მუსიკას გამოვუშვებთ, შემდეგ კი რამდენიმე კონცერტს ჩავატარებთ. ჩვენი პირველი სიმღერის მხარდასაჭერად კი ვიდეორგოლის გადაღებას ვგეგმავთ“, - განაცხადეს ჯგუფის წარმომადგენლებმა.
ჯგუფი Dogstar-ი ლოს-ანჯელესში, 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, რივზისა და რობერტ მეილჰაუსის სუპერმარკეტში შემთხვევით შეხვედრის შემდეგ. მოგვიანებით დუეტს გრეგ მილერი შეუერთდა, თუმცა ის ბრეტ დომროუზმა შეცვალა.
ჯგუფი 2002 წელს დაიშალა, თუმცა 20 წლის შემდეგ ტრიოს წევრებმა სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტეს.