ცოტა ხნის წინ მეთ გალა 2023 ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა. წლევანდელი მეთ გალა თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ლეგენდას, დიზაინერ კარლ ლაგერფელდს მიეძღვნა. "კარლის პატივსაცემად", — სწორედ ასე ერქვა წლევანდელი მეთ გალას თემას.
წლევანდელი მეთ გალასთვის Doja Cat-მა მეტსახელის გამართლება გადაწყვიტა და კატად იქცა. უფრო მეტიც, მომღერალი კარლ ლაგერფელდის კატის, შუპეტის, მსგავსად გამოეწყო ისე რომ, მაყურებლებს მისი ცნობა ცოტათი გაუჭირდათ.
Doja Cat-მა მეთ გალაზე Chanel-ის კაბა მოირგო, რომელსაც ფისოს ყურებიც ახლდა. რაც შეეხება მაკიაჟს, მომღერალს სახეზე სპეციალური ნიღაბი ეკეთა, რათა მისი ცხვირი და პირი კატას დამსგავსებოდა, ხოლო თვალები უფრო მაღლა აეწია.
წლევანდელ მეთ გალაზე Doja Cat ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც სამოსი შუპეტის ინსპირაციით შეარჩია. მეთ გალას წითელ ხალიჩაზე წელს გიგანტური ფისო გამოჩნდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ჯარედ ლეტო ყოფილა. როცა ჯარედ ლეტო წითელ ხალიჩაზე ბეწვში გახვეული გამოჩნდა, კოსტიუმი სახესაც უფარავდა და ყველა დაინტერესდა, ვინ იყო სინამდვილეში შუპეტის კოსტიუმში გამოწყობილი სტუმარი. კარლ ლაგერფელდის კატის მსგავსი კოსტიუმის წყალობით Doja Cat და ჯარედ ლეტო ისევ ინტერნეტის ყურადღების ცენტრშია.